რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ხარკოვში დაბომბვებს კიდევ 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და 14 დაშავდა

ოკუპანტი ხარკოვის დაბომბვას აგრძელებს. დღეს, 19 აპრილს რუსი სამხედროების თავდასხმებს 4 ადამიანის სიცოცლხე ემსხვერპლა და 14 დაშავდა. დაზიანდა 10-მდე საცხოვრებელი კორპუსი, ავტოსადგომები და მაღაზიები. ინფორმაციას უკრაინული მედია Telegram-არხებზე ავრცელებს. 

უკვე რამდენიმე დღეა ოკუპანტები ხარკოვს ბომბავენ. 18 აპრილს დაბომბვას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 17 აპრილს თავდასხმების შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა და 13 დაშავდა.  16 აპრილს კი რუსულ აგრესიას 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და 31 დაშავდა, მათ შორის 4 ბავშვია. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები