NATO-ს ყოფილმა მრჩეველმა, გვითიან პრინსმა შეაფასა გერმანიაში დაკავებული საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი კალანდაძის გათავისუფლება და აღნიშნა, სამარცხვინოა ის ფაქტი, რომ საქართველოს "პრორუსი რეჟიმის ყალბი ბრალდებისა" და გერმანიის არასწორი გადაწყვეტილების გამო კალანდაძე ვერ იმყოფებოდა უკრაინაში რუსეთის შეჭრის საწყის ეტაპზე.
"სამარცხვინოა, რომ გერმანიის მთავრობას 24 თებერვლისთვის გენერალი ისევ დაკავებული ჰყავდა. მამაცმა გერმანელმა [პროკურორმა] შეძლო, გაეთავისუფლებინა ის, მიეცა პასპორტი და მისთვის ეთქვა - დაბრუნდი და უხელმძღვანელე თქვენს ჯარს". - აღნიშნა NATO-ს ყოფილმა მრჩეველმა.
მისი თქმით, კალანდაძე არ არის საშუალო დონის გენერალი, რადგან ის არის დაბადებით ქართველი, ახლა ნატურალიზაციით უკრაინელია და შეერთებული შტატების რეინჯერთა და საჰაერო სადესანტო სკოლის კურსდამთავრებული. მისივე სიტყვებით - "ასე რომ, ჩვენ გვყავს ამერიკელი გენერალი ბრძოლის ველზე".
გიგი კალანდაძე 7 იანვარს გირაოთი გაათავისუფლეს, ქართული მხარე მის ექსტრადიციას ითხოვდა. კალანდაძის დაკავებაზე ინფორმაცია 19 დეკემბერს გავრცელდა.
კალანდაძეს 2015 წელს ბრალი ელბერტ კობერიძის წამებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის საქმეზე წარუდგინეს. საქმეზე კალანდაძესთან ერთად ბრალდებულები არიან თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დავით ახალაია, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა და შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი რომან შამათავა, შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის ყოფილი თანამშრომელი გიორგი სამუშია.
2015 წლის შემდეგ კალანდაძე უკრაინაში ცხოვრობდა.





