რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსმა ოკუპანტებმა კრემინაში მშვიდობიანი მოქალაქეების მანქანას ესროლეს – 4 პირი დაიღუპა

რუსი ოკუპანტი უკრაინაში

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში, ლუგანსკის ოლქის ქალაქ კრემინაში მშვიდობიანი მოქალაქეების მანქანას ცეცხლი გაუხსნეს. მსხვერპლისა და დაშავებულის შესახებ ინფორმაცია ლუგანსკის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის მეთაურმა, სერგეი გაიდაიმ გაავრცელა.

"ქალაქ კრემინაში ოკუპანტებმა მშვიდობიანი მოქალაქეების მანქანას ესროლეს. 4 პირი დაიღუპა, 1 კი დაშავდა. ეს ადამიანები ქალაქის დატოვებას თავად ცდილობდნენ. არ სცადოთ ქალაქიდან წასვლა თქვენით, ეს ძალიან საშიშია". - წერს გაიდაი.

დაშავებულთან ექიმების მისვლა ამ დრომდე ვერ ხერხდება, რადგან რუსი ოკუპანტები ქალაქზე იერიშს კვლავ აგრძელებენ.

სერგიი გაიდაის ინფორმაციით, რუსი ოკუპანტები ქალაქ კრემინაში შევიდნენ, ქუჩებში კი დაწყებულია შეტაკებები.

აქამდე, გაიდაი ამბობდა, რომ 17 აპრილის საღამოს დაიწყო კრემინას საარტილერიო ცეცხლით დაბომბვა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

 

კომენტარები