რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

დონეცკის ფილარმონიის მუსიკოსები ომში მოტყუებით გაიწვიეს – უკრაინელი ჟურნალისტი

უკრაინული გამოცემის, 24 Канал-ის ჟურნალისტი, დენის კაზანსკი Facebook-ზე წერს, რომ დონეცკის ფილარმონიის მუსიკოსები ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის არმიაში მოტყუებით გაიწვიეს.  

"ისინი თითქოს სიუჟეტის გადასაღებად დაიბარეს და ადგილზე უთხრეს, რომ ფრონტზე აგზავნიდნენ. შემდეგ ისინი მოუმზადებლად გადასხეს მარიუპოლში". - წერს ჟურნალისტი.

კაზანსკის ინფორმაციით, მუსიკოსთა ნაწილი უკვე დაიღუპა. ერთ-ერთი მათგანი ჯაზის ცნობილი შემსრულებელი ნიკოლაი ზვიგინცევია.

რუსი ოკუპანტები უკრაინაში მშვიდობიან მოქალაქეებს ხოცავენ - მას შემდეგ, რაც უკრაინელებმა ბუჩა დაიბრუნეს, ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ სოფელში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს.  

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები