რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

დეგნანი საქართველო-უკრაინაზე: გაუგებრობა მედიის, პირდაპირი საუბრის შეუძლებლობის გამო ხდება

"ზოგჯერ გაუგებრობები ხდება მედიის და პირდაპირ საუბრის შეუძლებლობის გამო" – ასე გამოეხმაურა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი უკრაინაში პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილისა და საქართველოს დელეგაციის გამგზავრების საკითხს.

"ძალიან პოზიტიური ნიშანია, რომ დელეგაცია მიემგზავრება და ის მრავალპარტიულია. ჩემი ინფორმაციით, პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილს ჰქონდა ძალიან პოზიტიური სატელეფონო საუბარი უკრაინის რადის თავმჯდომარესთან. ვფიქრობ, ზოგჯერ გაუგებრობები მედიის და პირდაპირ საუბრის შეუძლებლობის გამო ხდება. ამის გადასაწყვეტად საუკეთესო გზა პირისპირ საუბარია. ძალიან გახარებული ვართ, რომ ძმური მხარდაჭერა, რომელიც ქართველ ხალხს უკრაინელი ხალხის მიმართ ჰქონდა, ისევ არსებობს და ისევ ძლიერია მაშინ, როდესაც უკრაინას ის სჭირდება". – თქვა დეგნანმა.

8 აპრილს უკრაინის საელჩოში გამართულ ბრიფინგზე საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის დროებით შემსრულებელმა, ანდრი კასიანოვმა თქვა, რომ ბუჩის დანაშაულების შესაფასებლად საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს მოწვევა გაუგზავნეს. საპასუხოდ, საქართველოს პარლამენტში თქვეს, რომ მიწვევა არ მიუღიათ, შემდეგ კი ქართული ოცნების წარმომადგენლები მედიასთან საუბრობდნენ, რომ პაპუაშვილი ავად იყო.  

მოგვიანებით მოწვევას გამოეხმაურა შალვა პაპუაშვილი – პარლამენტის თავმჯდომარემ Facebook-ზე დაწერა, რომ წერილი ნამდვილად მიიღო, თუმცა, მისივე შეფასებით, უკრაინის მიერ მისი ბუჩაში ოფიციალური მიწვევა განმარტებების გარეშე "არასათანადოდ" ჩანს. 

"ხამს მოყვარე მოყვრისათვის თავი ჭირსა არ დამრიდად, გული მისცეს გულისათვის, სიყვარული – გზად და ხიდად" – ასე უპასუხა რუსლან სტეფანჩუკმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიერ ბუჩაში მიწვევის "არასათანადოდ" მოხსენიებას. 

"არის თუ არა სათანადო, რომ "არასათანადო" უწოდო მიწვევას, ჩამოხვიდე მეგობარ ქვეყანაში და ნახო მისი გაჭირვება, გაიზიარო მისი მწუხარება, გამოხატო მხარდაჭერა სიტყვებით? მეჩვენება, რომ მეგობარმა ეს მოწვევის გარეშე უნდა უნდა გააკეთოს". – დაწერა სტეფანჩუკმა. 

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით უკრაინაში 15 აპრილს გაემგზავრა.

კომენტარები