რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის პრემიერმინისტრი ფინანსისტთა ჯგუფთან ერთად ვაშინგტონში მიემგზავრება

უკრაინის პრემიერ მინისტრი, დენის შმიგალი და უკრაინელ ფინანსისტთა ჯგუფი მომავალ კვირას საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრებისთვის ვაშინგტონში გაემგზავრებიან.

შმიგალი, ფინანსთა მინისტრი სერგეი მარჩენკო და ცენტრალური ბანკის გამგე კირილო შევჩენკო დიდი შვიდეულის წევრ ქვეყნებთან შეხვედრას გეგმავენ, ასევე შეუერთდებიან მრგვალ მაგიდას, რომელსაც მომავალ კვირაში მსოფლიო ბანკი უმასპინძლებს. 

მოსალოდნელია, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრა ერთ-ერთი ძირითადი განხილვის საგანი იქნება როგორც მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი ქვეყნების, ასევე G7-ისა და G20-ის შეხვედრებზე.

"ახლა მხარდაჭერის გარეშე, მომავალში უკრაინა რეკონსტრუქციას ვერ შეძლებს". - წერს Reuters-ი ერთ-ერთ წყაროზე დაყრდნობით.

მსოფლიო ბანკის პრეზიდენტმა, დევიდ მალპასმა ვარშავაში გამართულ ღონისძიებაზე თქვა, რომ მსოფლიო ბანკი უკრაინისთვის $1.5 მილიარდის დახმარების პაკეტს ამზადებს.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) აღმასრულებელმა საბჭომ ახალი ანგარიში შექმნა, რომელიც ორმხრივ დონორებსა და საერთაშორისო ჯგუფებს უკრაინაში ფინანსური დახმარების გაგზავნის საშუალებას მისცემს.

ასევე კანადამ საერთაშორისო სავალუტო ფონდს უკრაინის მხარდასაჭერად $1 მილიარდი კანადური დოლარის გაცემის შეთავაზებით მიმართა, რომელსაც ადმინისტრირებას IMF გაუწევს.

ანგარიში დონორებს საშუალებას მისცემს უსაფრთხო გზით გახსნან გრანტები და სესხები, რათა დაეხმარონ უკრაინის მთავრობას საგადასახადო ბალანსის შენარჩუნებაში.


24 თებერვალს რუსეთის მიერ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებას განვითარებულმა სამყარომ ისტორიაში ყველაზე ძლიერი ეკონომიკური სანქციებით უპასუხა.

სანქციებს შორის მნიშვნელოვანია რუსეთის ცენტრალური ბანკისა და ძირითადი რუსული კომერციული ბანკების საერთაშორისო აქტივების გაყინვა. ასევე, რუსი შუამავლების უმეტესობა გარიცხულია SWIFT-ის სისტემიდან, რომელიც წევრ ბანკებს შორის ტრანზაქციების გასაადვილებლად გამოიყენება. პრეზიდენტი ბაიდენის განცხადებით, აშშ-მ აკრძალა რუსეთისგან ენერგორესურსების შესყიდვა, ხოლო ევროკავშირი წლის ბოლომდე იმპორტის საგრძნობლად შემცირებას გეგმავს. გარდა ამისა, აშშ-ის კონგრესმა რუსეთს ვაჭრობაში უპირატესი ქვეყნის სტატუსი ჩამოართვა, რათა რუსულ იმპორტზე დისკრიმინაციული ტარიფები დაწესდეს.

კომენტარები