ვიზიტი უკრაინაში

ლელო: მზად ვართ მონაწილეობისთვის, როგორც ოპოზიციის, ისე პაპუაშვილის უკრაინაში ვიზიტში

ლელო საქართველოსთვის / Facebook

ლელოს განცხადებით, პარტია მზად არის მონაწილეობა მიიღოს, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის უკრაინაში ვიზიტში, ასევე ოპოზიციური პარტიების მიერ შემდგარ დელეგაციაშიც.

13 აპრილს, პარლამენტის თავმჯდომარესა და საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა, რის შემდეგაც ცნობილი გახდა, რომ ისინი უკრაინაში ერთიანი დელეგაციით არ გაემგზავრებიან.

"ვთვლით, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის უკრაინაში ვიზიტი უნდა გახდეს უდიდეს განსაცდელში მყოფი უკრაინელი ხალხისადმი სრულიად საქართველოს თანადგომის უპირობო დემონსტრირების დასაწყისი. სამწუხაროდ, ეს ხდება თვენახევრის დაგვიანებით და ქვეყნის საერთაშორისო იმიჯისთვის მიყენებული უდიდესი ზიანის შემდეგ, რომელსაც გამოსწორება სჭირდება, მათ შორის, ჩვენი ძალისხმევითაც.

შესაბამისად, ჩვენი წარმომადგენელი მზად იქნება მონაწილეობა მიიღოს, როგორც ოპოზიციური პარტიების დელეგაციაში, ისე პარლამენტის თავმჯდომარის დაგეგმილ ვიზიტში უკრაინაში". - წერს ლელო განცხადებაში.


8 აპრილს უკრაინის საელჩოში გამართულ ბრიფინგზე საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის დროებით შემსრულებელმა, ანდრი კასიანოვმა თქვა, რომ ბუჩის დანაშაულების შესაფასებლად საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს მოწვევა გაუგზავნეს. საპასუხოდ, საქართველოს პარლამენტში თქვეს, რომ მიწვევა არ მიუღიათ, შემდეგ კი ქართული ოცნების წარმომადგენლები მედიასთან საუბრობდნენ, რომ პაპუაშვილი ავად იყო.  

მოგვიანებით მოწვევას გამოეხმაურა შალვა პაპუაშვილი - პარლამენტის თავმჯდომარემ Facebook-ზე დაწერა, რომ წერილი ნამდვილად მიიღო, თუმცა, მისივე შეფასებით, უკრაინის მიერ მისი ბუჩაში ოფიციალური მიწვევა განმარტებებების გარეშე "არასათანადოდ" ჩანს. 

13 აპრილს, პარლამენტის თავმჯდომარემ დაწერა, რომ უკრაინის რადის თავმჯდომარესთან, რუსლან სტეფანჩუკთან საუბრისა და სამთავრობო მედია იმედზე მისი ინტერვიუს მოსმენის შემდეგ დარწმუნდა, რომ "ყველა უხერხულობისა და გაუგებრობის მოგვარების შესაძლებლობა არსებობს". მისივე ცნობით, მას სტეფანჩუკთან კომუნიკაცია ჰქონდა და უკრაინაში ვიზიტისთვის მზაობა დაუდასტურა.

კომენტარები