ვიზიტი უკრაინაში

მარგველაშვილი კიევში იაცენიუკს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კიევში უკრაინის პრემიერმინისტრს არსენი იაცენუკს შეხვდა. მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობის საკითხები განიხილეს და თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზე ისაუბრეს. მარგველაშვილმა იაცენუკს საპრეზიდენტო არჩევნების წარმატებით ჩატარება მიულოცა. მარგველაშვილის თქმით, დემოკრატიული არჩევნებით უკრაინელმა ხალხმა ძლიერი ნების დემონსტრირება მოახდინა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ძლიერი, თავისუფალი, დემოკრატიული და ერთიანი ევროპული ქვეყანის შექმნის ძალა შესწევს. 

შეხვედრაზე საუბარი ევროინტეგრაციის პროცესს შეეხო. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, ეს გზა აუცილებლად უნდა გაგრძელდეს, რათა უკრაინამ დიდ ევროპულ ოჯახში ღირსეული ადგილი დაიმკვიდროს. გიორგი მარგველაშვილი და არსენი იაცენუკი შეთანხმდენენ, რომ ქვეყნებს შორის არსებული ტრადიციული მეგობრობისა და პარტნიორული ურთიერთობის გაღრმავებაზე აქტიურად ითანამშრომლებენ.

უკრაინის პრემიერმინისტრმა საქართველოს პრეზიდენტს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრისას მხარეებმა აფხაზეთში განვითარებული მოვლენები განიხილეს. გიორგი მარგველაშვილმა უკრაინის ხელისუფლებას საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუციის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა, რომელიც გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ 5 ივნისს მიიღო.

უკრაინაში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი დღეს დაიწყო. მარგველაშვილმა კიევში, ევრომაიდანზე დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. გიორგი მარგველაშვილი უკრაინის არჩეული პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს ინაუგურაციას დაესწრება.

კომენტარები