რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

იტალია რუსულ ენერგიაზე ემბარგოს ვეტოს არ დაადებს, თუ EU ფასებზე ზედა ზღვარს დააწესებს

ლუიჯი დი მაიო
Reuters

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლუიჯი დი მაიომ CNN-თან საუბრის დროს აღნიშნა, რომ იტალია ნავთობისა და გაზის ფასების გაზრდის მიუხედავად, რუსეთის უკრაინაში შეჭრის ფონზე, რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულების შემცირებას ცდილობს.

"ამ ეტაპზე ენერგიის ღირებულება ჩვენი პირველი საზრუნავია. იტალია რუსულ ენერგიაზე ემბარგოს ვეტოს არ დაადებს.

[...] არსებობენ კომპანიები, რომლებიც ელექტროენერგიაში 400%-ით მეტს იხდიან. ჩვენ უნდა შევაჩეროთ ის სპეკულაცია, რასაც ენერგიის ფასზე ზედა ზღვრის დაწესება იწვევს. ჩვენ ამის მიღწევას ევროპული ენერგო ბირჟის საშუალებით ვცდილობთ და თუ ეს შევძელით, ოჯახებისთვის ფასების სტაბილიზაციას შევძლებთ. ევროპულ საბჭოზე ამ იდეის გაჟღერებას, რა თქმა უნდა, ვაპირებთ".

ამასთან ერთად, 12 აპრილს იტალიამ ალჟირიდან გაზის იმპორტის დაახლოებით 40%-ით გაზრდის შეთანხმებას ხელი მოაწერა. იტალიის პრემიერმინისტრის, მარიო დრაგის თქმით, მიღწეული შეთანხმება იტალიის მხრიდან რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები