იტალია-რუსეთი

იტალია ალჟირს გაზის იმპორტის დაახლოებით 40%-ით გაზრდაზე შეუთანხმდა

იტალიამ ალჟირიდან გაზის იმპორტის დაახლოებით 40%-ით გაზრდის შეთანხმებას ხელი მოაწერა. იტალიის პრემიერმინისტრის, მარიო დრაგის თქმით, მიღწეული შეთანხმება იტალიის მხრიდან რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

ალჟირში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა დრაგიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს პირველადი ნაბიჯია, რომელსაც შემდგომი ნაბიჯებიც მოყვება.

გარდა ამისა, იტალია, რომლის გაზის იმპორტის 40% რუსეთზეა დამოკიდებული, ალტერნატიული წყაროების სხვა ვარიანტებსაც განიხილავს, მათ შორის, კონგოს, ანგოლას, აზერბაიჯანსა და კატარს.

მარიო დრაგიმ რამდენიმე კვირის წინ განაცხადა, რომ იტალიას რუსული გაზის იმპორტის 30-40%-ის უახლოეს მომავალში ჩანაცვლება შეუძლია, თუმცა, დარჩენილი ნაწილის ჩანაცვლება გაცილებით რთული იქნება.

ამასთან, როგორც იტალიური ენერგოკომპანიის, Eni-ს განცხადებაშია აღნიშნული, ალჟირულ კომპანიასთან, Sonatrach-თან მიღწერული შეთანხმებით,  მიმდინარე წელს მილსადენი ტრანსმედის გამოყენებით გაზის მიწოდება გაიზრდება და 2023-2024 წლისთვის მისი დამატებითი მოცულობა წელიწადში 9 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწევს.

დღევანდელი მონაცემებით, ალჟირი იტალიის სიდიდით მეორე გაზმიმწოდებელია. ტრანსმედის მილსადენს კი დღიურად 110 მილიონი კუბური მეტრის მიწოდება შეუძლია, თუმცა ამჟამად მხოლოდ 60 მილიონ კუბურ მეტრს ატარებს.

კომენტარები