რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ოკუპანტებმა ჩერნობილიდან სახიფათო ნივთიერებები წაიღეს, რასაც მათი მოკვლა შეუძლია – უკრაინა

Getty Images / iStockphoto

უკრაინის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, რუსულმა სამხედრო ძალებმა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის კვლევითი ლაბორატორიიდან რადიოაქტიური ნივთიერებები მოიპარეს, რომლებსაც მათი მოკვლა შეუძლია.

უკრაინის სახელმწიფო სააგენტო, რომელსაც ჩერნობილის ყოფილი ატომური სადგურის მიმდებარე ტერიტორიის მართვა ევალება, აცხადებს, რომ რუსულმა ძალებმა ლაბორატორიიდან 133 განსაკუთრებით რადიოაქტიური ნივთიერება მოიპარეს.

"ამ ნივთიერებების მცირე ნაწილიც კი სასიკვდილოა, თუ არაპროფესიონალურად გამოიყენებენ. მოპარული ნივთიერებების ადგილმდებარეობა ამჟამად უცნობია". – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ჩერნობილის სადგური ომის დაწყებიდან მალევე, 24 თებერვალსვე დაიკავეს. სადგურზე მუშაობას უკრაინელი თანამშრომლები განაგრძობდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები