რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

S&P: დეფოლტის რისკის ფონზე, ჩვენ არ ველით, რომ რუსეთი უცხოური ვალის გადახდას შეძლებს

S&P Global Ratings-მა "შერჩევითი დეფოლტის" გაზრდილი რისკების გამო, რუსეთის უცხოური ვალუტის რეიტინგი შეამცირა. მათი აზრით, მოსკოვი საგარეო ვალის კონტრაქტით გათვალისწინებულ პირობებით გადახდას ვეღარ შეძლებს.

უკრაინაში შეჭრის ფონზე, რუსეთს საგარეო დეფოლტის საფრთხე პირველად ემუქრება მას შემდეგ, რაც მან გასულ კვირაში ევრობონდების პროცენტი რუბლში გადაიხადა, ხოლო კონტრაქტით დოლარის ვალუტა იყო გათვალისწინებული.

"ამჟამად, ჩვენ არ ველით, რომ ინვესტორები, ან მთავრობა 30-დღიან საშეღავათო პერიოდის განმავლობაში რუბლის გადახდების დოლარში კონვერტირებას შეძლებენ." - ვკითხულობთ S&P-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სააგენტოს ცნობით, სავარაუდოდ, უახლოეს კვირებში, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები კიდევ უფრო გამკაცრდება, რაც თავისთავად შეაფერხებს მოსკოვის ტექნიკურ შესაძლებლობას, გადაიხადოს უცხოური ვალი კონტრაქტით გათვალისწინებულ ვალუტაში.

რუსეთმა, რომელსაც სულ 15 საერთაშორისო ობლიგაცია აქვს, მათი ნომინალური ღირებულება კი დაახლოებით $40 მილიარდია, დასავლეთის უპრეცედენტო სანქციების ფონზეც კი მოახერხა ამ დრომდე საერთაშორისო ვალის გადაუხდელობის თავიდან აცილება. მაგრამ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის გადაწყვეტილება ამოცანას ართულებს.

რუსეთს ბოლოს უფლება მიეცა, გადაეხადა 447 მილიონი დოლარის კუპონი 2030 წლის სახელმწიფო დოლარის ობლიგაციებზე. თუ რუსეთი ვერ შეძლებს გადახდას წინასწარ განსაზღვრულ ვადებში, ან გადაიხდის რუბლებში, როდესაც ხელშეკრულებაში მითითებულია დოლარი, ევრო ან სხვა ვალუტა, ეს იქნება დეფოლტი.


24 თებერვალს რუსეთის მიერ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებას განვითარებულმა სამყარომ ისტორიაში ყველაზე ძლიერი ეკონომიკური სანქციებით უპასუხა.

სანქციებს შორის მნიშვნელოვანია რუსეთის ცენტრალური ბანკისა და ძირითადი რუსული კომერციული ბანკების საერთაშორისო აქტივების გაყინვა. ასევე, რუსი შუამავლების უმეტესობა გარიცხულია SWIFT-ის სისტემიდან, რომელიც წევრ ბანკებს შორის ტრანზაქციების გასაადვილებლად გამოიყენება. პრეზიდენტი ბაიდენის განცხადებით, აშშ-მ აკრძალა რუსეთისგან ენერგორესურსების შესყიდვა, ხოლო ევროკავშირი წლის ბოლომდე იმპორტის საგრძნობლად შემცირებას გეგმავს. გარდა ამისა, აშშ-ის კონგრესმა რუსეთს ვაჭრობაში უპირატესი ქვეყნის სტატუსი ჩამოართვა, რათა რუსულ იმპორტზე დისკრიმინაციული ტარიფები დაწესდეს.

კომენტარები