რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

აშშ რუსული ობლიგაციების გადახდას აჩერებს – რუსეთი ვალის გადაუხდელობის რისკის წინაშე დგას

დღეს, 5 აპრილს, მოსკოვზე ზეწოლის გაზრდის მიზნით, აშშ-მა რუსეთს ამერიკული ანგარიშებიდან სახელმწიფო ობლიგაციების მომსახურება აუკრძალა.

უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთის ცენტრალური ბანკის მფლობელობის ქვეშ არსებული უცხოური ვალუტების რეზერვები გაიყინა, თუმცა, აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტი სახელმწიფო ვალის გადასახდელად მოსკოვს რეზერვების გამოყენების უფლებას აძლევდა.

ორშაბათს, როდესაც რუსეთს $552.4 მილიონის ღირებულების ვალი უნდა გადაეხადა, აშშ-ის მთავრობამ გადაწყვიტა, შეეჩერებინა რუსეთის წვდომა გაყინულ რეზერვებზე ობლიგაციების გადახდის მიზნითაც კი. 

ამ ნაბიჯის მიზანი რუსეთის ისტორიული დეფოლტის რისკის წინაშე დაყენებაა. მოსკოვი იძულებულია, არსებული დოლარის რეზერვებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღოს: გამოიყენებს მათ ვალის გადასახდელად თუ სხვა მიზნებისთვის, მაგალითად, უკრაინაში სამხედრო ოპერაციების დასაფინანსებლად.

რუსეთმა, რომელსაც სულ 15 საერთაშორისო ობლიგაცია აქვს, მათი ნომინალური ღირებულება კი დაახლოებით $40 მილიარდია, დასავლეთის უპრეცედენტო სანქციების ფონზეც კი მოახერხა ამ დრომდე საერთაშორისო ვალის გადაუხდელობის თავიდან აცილება. მაგრამ სახაზინო დეპარტამენტის გადაწყვეტილება ამოცანას ართულებს.

რუსეთს ბოლოს უფლება მიეცა, გადაეხადა 447 მილიონი დოლარის კუპონი 2030 წლის სახელმწიფო დოლარის ობლიგაციებზე. თუ რუსეთი ვერ შეძლებს გადახდას წინასწარ განსაზღვრულ ვადებში, ან გადაიხდის რუბლებში, როდესაც ხელშეკრულებაში მითითებულია დოლარი, ევრო ან სხვა ვალუტა, ეს იქნება დეფოლტი.

კომენტარები