რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი: მარიუპოლის შემდეგ დამპყრობლებს ოდესის განადგურება სურთ – რუსეთი უნდა შევაჩეროთ

ვოლოდომირ ზელენსკი

"მარიუპოლის შემდეგ დამპყრობლებს სურთ ოდესის განადგურება".- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საბერძნეთის პარლამენტში მიმართვისას თქვა. 

თავის მიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსულმა ჯარებმა მოიტანეს სიკვდილი და ნგრევა იმ ადგილებში, სადაც უკრაინელები და ბერძნები საუკუნეების განმავლობაში მშვიდობასა და კეთილდღეობაში ცხოვრობდნენ.

"რუსეთი აბსოლუტურად დარწმუნებულია თავის დაუსჯელობაში იმ ყველაფრისთვის, რასაც ის აკეთებს და ჩვენ უნდა შევაჩეროთ ეს. ჩვენ რუსეთს პასუხისმგებლობა უნდა დავაკისროთ. ჩვენ უნდა გადავარჩინოთ ოდესა მარიუპოლის მსგავსად განადგურებისგან".- ამბობს ზელენსკი. 

რუსი ოკუპანტები უკრაინაში მშვიდობიან მოქალაქეებს ხოცავენ - მას შემდეგ, რაც უკრაინელებმა ბუჩა დაიბრუნეს, ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ სოფელში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს.  

ჰოსტომელის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით კი ქალაქში, სულ მცირე, 400 ადამიანია დაკარგული. მისივე ინფორმაციით, ოკუპანტები თავიანთი სისასტიკის კვალს ასუფთავებდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ. 

 

კომენტარები