რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსებმა ქალაქი რუბეჟნოე დაბომბეს – განადგურებულია სახლები და დაღუპულია 1 პირი

რუსებმა უკრაინაში, ლუგანსკის ოლქის ქალაქი რუბეჟნოე დაბომბეს. ოკუპანტების იერიშების შედეგად განადგურდა 11-ზე მეტი სახლი. ასევე, დაიღუპა 1, ხოლო დაშავდა 5 ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაცია ლუგანსკის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი გაიდაიმ გაავრცელა.

რუბეჟნოეს გარდა, რუსმა ოკუპანტებმა გასულ ღამეს ლუგანსკის ოლქის კიდევ 4 ქალაქზე: ლისიჩანსკზე, პოპასნაზე, სევერდონეცკსა და ტოშკივკაზე მიიტანეს იერიში. მეხანძრეებმა დაბომბვების შედეგად გაჩენილი 7 ხანძრის ლოკალიზება მოახერხეს.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები