აშშ

CNN: აშშ-მ მარტის შუა რიცხვებში ჰიპერბგერითი რაკეტა წარმატებით გამოცადა

B-52 ტიპის ბომბდამშენი

CNN-ის ინფორმაციით, გასული თვის შუა რიცხვებში აშშ-მ წარმატებით გამოცადა ჰიპერბგერითი რაკეტა. მედია ეყრდნობა აშშ-ს ოფიციალური პირის ანონიმურ ცნობას,

მედიის თქმით, აშშ ამ ფაქტს საიდუმლოდ ინახავდა, რათა რუსეთთან დაძაბულობა არ გაზრდილიყო მაშინ, როცა ამერიკის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი, უკრაინაში მიმდინარე ომის პარალელურად, ევროპაში ჩასვლას გეგმავდა. 

HAWC-ის (Hypersonic Air-breathing Weapon Concept) ტიპის ჰიპერბგერითი რაკეტა B-52-ის ტიპის ბომბდამშენიდან ამერიკის დასავლეთ სანაპიროზე ჩამოაგდეს. ეს ამ სისტემის კომპანია ლოქჰიდ მარტინის მიერ შექმნილი ვერსიის პირველი წარმატებული გამოცდა იყო.

გამოცდა ჩატარდა მას შემდეგ, რაც რუსულმა მხარემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინაში გამოიყენეს საკუთარი ჰიპერბგერითი რაკეტა – კინჟალი.

კინჟალის გამოყენების შემდეგ აშშ-ს თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა თქვა, რომ ეს იარაღი "არაა თამაშის შემცვლელი". ამას გარდა, პენტაგონში გაჩნდა კითხვები, თუ რატომ გამოიყენა რუსეთმა ეს იარაღი იარაღის საწყობის გასანადგურებლად, რასაც სხვა რაკეტებითაც შეძლებდნენ. 

CNN-ის ანონიმური წყაროს თქმით, 2 კვირის განმავლობაში აშშ ჰიპერბგერითი რაკეტის გამოცდას საიდუმლოდ ინახავდა, რათა კრემლის პროვოცირება არ მოეხდინა. 

ამას გარდა, რადგან მოსკოვში ქმედებები არასწორი ინტერპრეტაციით არ მიეღოთ, აშშ-მ 1 აპრილს გადადო მინუტმენ III-ის კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტის (ICBM) ტესტირება.

ეს აშშ-ს მიერ HAWC-ის ტიპის ჰიპერბგერითი რაკეტის მეორე წარმატებული გამოცდა იყო. აქამდე, გასული წლის სექტემბერში ამერიკაში გამოცადეს სისტემის კომპანია რეითეონის მიერ შექმნილი ვერსია. ერთი თვის შემდეგ, ამას მოჰყვა ამავე ტიპის იარაღის ერთი წარუმატებელი გამოცდა.

აშშ-მ ჰიპერბგერით იარაღს განსაკუთრებული ყურადღება მას შემდეგ დაუთმო, რაც ასეთი ტიპის სისტემები წარმატებით გამოცადეს რუსეთმა და ჩინეთმა. 

აღსანიშნავია, რომ აშშ-ს, დიდი ბრიტანეთისა და ავსტრალიის კავშირი AUKUS-იწყებს ჰიპერბგერითი იარაღის კვლევასა და მისგან თავდაცვის მექანიზმის შექმნაზე თანამშრომლობას.

კომენტარები