უკრაინელმა სამხედროებმა ხერსონის ოლქის სამი სოფელი დაიბრუნეს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
გენშტაბის ცნობით, ოკუპანტებმა, უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევითი მოქმედებების შედეგად, დაკარგეს კონტროლი დობრიანკას, ნოვოვოზნესენსკოეს და ტრუდოლიუბოვკას დასახლებებზე. ბრძოლები სოფელ ალექსანდროვკას მიდამოებში გრძელდება.
გენშტაბის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, ხერსონის ოლქის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მშვიდობიან მოსახლეობას ატერორებენ.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დროებით ოკუპირებულ ხერსონში მედიკამენტების, საკვებისა და საწვავის მარაგი იწურება. გარდა ამისა, ოკუპანტები არა მარტო მშვიდობიან საპროტესტო აქციებს არბევენ, არამედ რეიდებსაც ახორციელებენ.
ასევე, პრეზიდენტის აპარატის თავმჯდომარის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა გუშინ, 5 აპრილს თქვა, რომ რუსული ჯარები ხერსონის ჩაბარებისთვის ემზადებიან, ნიკოლაევის ოლქში კი აღარ იმყოფებიან.
რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.
რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.





