რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბრიტანეთი და მოკავშირეები უკრაინას დამატებითი ლეტალური იარაღით დაეხმარებიან

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრის, ბენ უოლასის თქმით, ბრიტანეთი და მისი მოკავშირეები უკრაინას, რუსეთისგან თავდასაცავად, დამატებითი ლეტალური იარაღით დაეხმარებიან.

"დღევანდელი საუბრის შედეგად, უკრაინას დამატებით ლეტალური იარაღით დავეხმარებით. რიგმა ქვეყნებმა წამოაყენეს ახალი იდეები ან პირობები ფულის შესახებ". – თქვა უოლასმა 30 საერთაშორისო პარტნიორთან გამართული შეხვედრის შემდეგ. 

ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის თქმით, ლეტალური იარაღები მოიცავს შორი მანძილის საარტილერიო დანადგარებს, ტყვია-წამალსა და მეტ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებს. 

აქამდე ბრიტანეთმა უკრაინას უკვე მიაწოდა ტანკსაწინააღმდეგო NLAW-ები და ჰაერსაწინააღდეგო Starstreak-ები. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები