რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის გენშტაბი: რუსეთმა ცხინვალიდან და აფხაზეთიდან 2 000 ჯარისკაცი უკრაინაში გადმოიყვანა

Reuters

რუსეთმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან 2 000 ჯარისკაცი უკრაინაში გადაიყვანა. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის  შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა გაავრცელა.

"რუსეთი უკრაინის მიმართ სამხედრო აგრესიას აგრძელებს. მათ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ცხინვალის მე-4 და აფხაზეთის მე-7 სამხედრო ბაზები უკრაინაში გადმოიყვანეს. ცხინვალიდან უკრაინაში მათ 1 200 რუსი და ოსი სამხედრო გადაიყვანეს, აფხაზეთიდან კი დაახლოებით 800 ჯარისკაცი ". - წერია გენშტაბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას კვლავ უწესებენ.

კომენტარები