რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ხოშტარია: საოკუპაციო რეჟიმები რუსულ აგრესიაში იქ მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს რთავენ

ფოტო: ევროპული საქართველო • European Georgia / Facebook

პარტია დროას ლიდერის, ელენე ხოშტარიას თქმით, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში საოკუპაციო რეჟიმები მოქალაქეებს უკრაინაში რუსულ აგრესიაში რთავენ. ხოშტარიას ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას ეშინია, რომ მალე ომში ოკუპირებული ტერიტორიებიდან მოქალაქეების გაწვევა სავალდებულო გახდება.

"საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ბოლო დღეებში ვრცელდება საგანგაშო ინფორმაცია, რომ რუსი ოკუპანტები და მათი საოკუპაციო რეჟიმები უკრაინაში, რუსულ აგრესიასა და ბოროტმოქმედებაში, რთავენ იქ მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს. უკვე ვნახეთ კადრები, როგორ გაჰყავს რუსეთს ტექნიკა უკრაინაში ოკუპირებული ტერიტორიებიდან. ასევე მოდის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გაჰყავთ ადამიანებიც. ადგილობრივ მოსახლეობას აქვს შიში, რომ მალე ომში ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჩვენი მოქალაქეების გაწვევა სავალდებულო გახდება. ეს კატეგორიულად მიუღებელია, როგორც საერთაშორისო ისე ჩვენი სახელმწიფოს სამართლის და ასევე ადამიანურ დონეზე". – თქვა ხოშტარიამ.

დროას ლიდერი ამბობს, რომ მოქალაქეების გაწვევით ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მუხლები ირღვევა და შესაბამისად, საქართველოს შეუძლია საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმებით იმოქმედოს.

"რაც შეეხება საერთაშორისო სამართლებრივ განზომილებას, ეს არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 (წამებისა და არაადამიანური მოპყრობის აკრძალვა); მე-4 (მონობისა და იძულებითი შრომის აკრძალვა) და მე-5 (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება) მუხლების დარღვევა. ანუ, შეგვიძლია კონკრეტული საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმი ავამოქმედოთ, მივმართოთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს და დავიცვათ მათი უფლებები. გარდა იმისა, რომ მათ ჩვენს ტერიტორიაზე უნდა შევთავაზოთ მათი უფლებების დაცვა". – თქვა ელენე ხოშტარიამ.

ხოშტარია რუსეთის მხრიდან საქართველოს მოქალაქეების ომში ჩართვას უმძიმეს დანაშაულს უწოდებს და ამბობს, რომ ხელისუფლებას ამ მოქმედებზე რეაგირება არ აქვს.

"გამაოგნებელია, რომ ჩვენი სახელმწიფო, რომელიც თითქოსდა გმობს ომს, პარალელურად ხმას არ იღებს ჩვენი თანამოქალაქეების მიმართ მსგავსი დანაშაულებრივი და ძალადობრივი შესაძლო ქმედებების შესახებ.
ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ომში იძულებით ჩართვა, რუსეთის მხრიდან უმძიმესი დანაშაულია.  რუსეთი ამ ომში აუცილებლად დამარცხდება და ჩვენ, უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალიდან, საქართველოს მოქალაქეები არ იყონ ჩართული ამ ბოროტებაში". – ამბობს ხოშტარია.

25 მარტს CNN-მა აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის თანამდებობის პირზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთს უკრაინაში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განლაგებული ჯარები გადაჰყავს.

26 მარტს უკრაინის ქალაქ მელიტოპოლიდან გავრცელდა კადრები, სადაც რუსეთის სამხედრო ტექნიკაზე ე.წ. სამხრეთ ოსეთის დროშა შენიშნეს.


რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას კვლავ უწესებენ.

კომენტარები