რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პესკოვი: უკრაინაში ნებისმიერი შედეგი ვერ იქნება ბირთვული იარაღის გამოყენების მიზეზი

დიმიტრი პესკოვი
Natalia Kolesnikova / AFP / Getty Images

კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა PBS-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ რუსეთი ბირთვულ იარაღს მხოლოდ "ეგზისტენციალური საფრთხის" შემთხვევაში გამოიყენებს. მისი განმარტებით, უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის შედეგები ბირთვული იარაღის გამოყენების მიზეზი არ არის. 

"[უკრაინაში მიმდინარე სამხედრო] ოპერაციის ნებისმიერი შედეგი, რა თქმა უნდა, ვერ იქნება ბირთვული იარაღის გამოყენების მიზეზი. ჩვენ გვაქვს უსაფრთხოების კონცეფცია, რომელიც ძალიან მკაფიოდ წერს, რომ მხოლოდ მაშინ, როცა ჩვენი ქვეყანისთვის ეგზისტენციალური საფრთხე დგას, ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ და საფრთხის აღმოსაფხვრელად რეალურად გამოვიყენებთ კიდეც ბირთვული იარაღს". - თქვა პესკოვმა. 

მისი თქმით, ერთმანეთისგან უნდა გავარჩიოთ უკრაინაში მიმდინარე სამხედრო ოპერაცია და ეგზისტენციალური საფრთხე რუსეთისთვის. 

"ერთმანეთისგან უნდა განვასხვაოთ ეს ორი - ვგულისხმობ უკრაინაში მიმდინარე სამხედრო ოპერაციასა და რუსეთის სახელმწიფოსთვის ეგზისტენციალურ საფრთხეს. მათ ერთმანეთთან საერთო არაფერი არ აქვთ. თუმცა, ამავდროულად, არ უნდა დაგვავიწყდეს ოპერაციის დაწყების შესახებ პრეზიდენტის განცხადება 24 თებერვალს მან სხვა სახელმწიფოებს მოუწოდა, რომ არ ჩარეულიყო უკრაინისა და რუსეთის საქმეში. ის ძალიან მკაცრი იყო გაფრთხილებისას. ვფიქრობ, რომ ყველას ესმის, რასაც გულისხმობდა". - აღნიშნა კრემლის პრესსპიკერმა. 

მანამდეც, პესკოვმა CNN-თან ინტერვიუში არ გამორიცხა, რომ რუსეთი ეგზისტენციალური საფრთხის არსებობის შემთხვევაში ბირთვულ იარაღს გამოიყენებდა. რასაც პენტაგონის სპიკერი, ჯონ კირბი გამოეხმაურა: ჯონ კირბის თქმით, კრემლის სპიკერის სიტყვები "სახიფათო რიტორიკაა". მან ასევე აღნიშნა, რომ ასეთი ქცევა შეუსაბამოა ბირთვული სახელმწიფოსთვის.

NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, რუსეთს უნდა ესმოდეს, რომ ბირთვულ ომს ვერასდროს მოიგებს. სტოლტენბერგმა ხაზი გაუსვა ნებისმიერი საფრთხის წინაშე ალიანსის მზაობას.


რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას კვლავ უწესებენ.

კომენტარები