რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

სტოლტენბერგი: რუსეთს უნდა ესმოდეს, რომ ბირთვულ ომს ვერასდროს მოიგებს

NATO

NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, რუსეთს უნდა ესმოდეს, რომ ბირთვულ ომს ვერასდროს მოიგებს. სტოლტენბერგმა ხაზი გაუსვა ნებისმიერი საფრთხის წინაშე ალიანსის მზადყოფნას.

"რუსეთმა უნდა შეწყვიტოს საშიში და უპასუხისმგებლო ბირთვული რიტორიკა, თუმცა არ შეიტანოთ ეჭვი ჩვენს მზადყოფნაში, რომ დავიცვათ ალიანსს ნებისმიერი საფრთხისგან ნებისმიერ დროს. რუსეთს უნდა ესმოდეს, რომ ვერასდროს მოიგებს ბირთვულ ომს. 

[...] NATO არ არის [უკრაინა-რუსეთის] კონფლიქტის ნაწილი. ის მხარს უჭერს უკრაინას, თუმცა არ არის კონფლიქტის ნაწილი. NATO არ გაგზავნის ჯარს უკრაინაში. მათი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია და ამას გავაგრძელებთ, თუმცა ამავე დროს, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს კონფლიქტი არ იქცეს სრულმასშტაბიან ომად NATO-სა და რუსეთს შორის". – თქვა სტოლტენბერგმა.

კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა CNN-თან ინტერვიუში არ გამორიცხა რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენება. პესკოვმა თქვა, რომ თუ რუსეთისთვის "ეგზისტენციალური საფრთხე" იარსებებს, მაშინ, შესაძლოა, ბირთვული პოტენციალი გამოიყენონ.


რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას კვლავ უწესებენ.

კომენტარები