მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი

რუსეთი: აზერბაიჯანმა ყარაბაღში Bayraktar TB2 4-ჯერ გამოიყენა, ვიღებთ ზომებს რეგულირებისთვის

რუს მშვიდობისმყოფელთა რაზმი მთიან ყარაბაღში, 2020 წელი
Foreign Policy

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს სომხეთის მხარის ჩივილს, რომ 24-25 მარტს აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები რუსი სამშვიდობოების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე შევიდნენ და მთიანი ყარაბაღის შეიარაღებულ ფორმირებებს Bayraktar TB2-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებით დარტყმები მიაყენეს. 

"24-25 მარტს აზერბაიჯანის რესპუბლიკის შეიარაღებულმა ძალებმა დაარღვიეს 2020 წლის 9 ნოემბრის სამმხრივი, რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების განცხადების დებულება, შევიდნენ რუსი მშვიდობისმყოფელების პასუხისმგებლობის ზონაში მთიან ყარაბაღში და დადგეს სადამკვირვებლო პოსტი. ფურუხის დასახლებულ პუნქტში მთიანი ყარაბაღის შეიარაღებულ ფორმირებებზე Bayraktar TB2-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებით 4 იერიში მიიტანეს". – ვკითხულობთ განცხადებაში.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ამჟამად რუსი სამშვიდობოები იღებენ სიტუაციის ნორმალიზაციისთვის საჭირო ზომებს. 

"ამჟამად, რუსი სამშვიდობოების კონტინგენტის სარდლობის მიერ ტარდება ზომები სიტუაციის რეგულაციისთვისა და სამხედროების საწყის პოზიციებზე დაბრუნებისთვის. აზერბაიჯანულ მხარეს გაეგზავნა ჯარისკაცების გაყვანის მოწოდება". – წერია განცხადებაში.

აზერბაიჯანული მხარის მტკიცებით, მთიან ყარაბაღში სომეხთა შეიარაღებულმა ფორმირებებმა 26 მარტს დივერსიული ქმედებები სცადეს, რაზეც აზერბაიჯანმა მათ "უკან დახევა აიძულა".

24 მარტს ოფიციალურმა სომხეთმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანმა დაარღვია 2020 წლის ომის შემდეგ დადებული შეთანხმება და ყარაბაღში, რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო ძალების კონტროლის ზონაში ერთი სოფელი დაიკავა. 25 მარტს კი სომხეთმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის რეგიონში, რუსეთის სამშვიდობო მისიის პასუხისმგებლობის ქვეშ მყოფ ტერიტორიაზე თავდასხმები გააგრძელა. მათი ცნობით, 24-25 მარტს გამოყენებული იყო თურქული წარმოების Bayraktar TB2-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატები, რასაც 3 სომეხი სამხედროს სიცოცხლე ემსხვერპლა, 14 კი დაიჭრა. 

სომხეთი რუს სამშვიდობოებს შესაბამისი ზომების მიღებისკენ მოუწოდებდა. 

25 მარტს შემთხვევის შესახებ სომხეთის თავდაცვის მინისტრი, სურენ პაპიკიანი ესაუბრა რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრს, სერგეი შოიგუს. ამის შემდეგ საუბარი შედგა სომხეთის პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორისაც.

ფაშინიანის ოფისის ცნობით, პუტინთან სატელეფონო საუბრისას ორმა ლიდერმა განიხილა "სიტუაცია, რომელიც მთიან ყარაბაღში რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო ძალების პასუხისმგებლობის ზონაში აზერბაიჯანული დანაყოფების შეჭრამ გამოიწვია". 

კომენტარები