რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

WHO: უკრაინაში საავადმყოფოებზე თავდასხმის შემთხვევები ყოველდღიურად იზრდება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO)  ოფიციალური მონაცემების მიხედვით, უკრაინაში საავადმყოფოებზე, სასწრაფო დახმარების მანქანებსა და ექიმებზე თავდასხმის 70-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, მათი რიცხვი ყოველდღიურად იზრდება.

WHO-ს ცნობით, ჯანდაცვის ობიექტების მიზანში ამოღება თანამედროვე ომის სტრატეგიისა და ტაქტიკის ნაწილი გახდა.

24 თებერვლიდან დღემდე, WHO-მ განიხილა და გადაამოწმა 72 ცალკეული თავდასხმა უკრაინაში ჯანდაცვის ინფრასტრუქტურაზე, რასაც, მინიმუმ, 71 ადამიანის გარდაცვალება და 37-ის დაშავება მოჰყვა.

უმეტესად, დაზიანდა საავადმყოფოები, სამედიცინო ტრანსპორტი და მაღაზიები, თუმცა, WHO-ს ცნობით, გვხვდება ჯანდაცვის პერსონალისა და პაციენტების "სავარაუდო" გატაცების შემთხვევებიც.

”ჩვენ შეშფოთებულები ვართ, რომ ეს რიცხვი ყოველდღიურად იზრდება”, - ამბობს WHO-ს წარმომადგენელი უკრაინაში, ჯარნო ჰაბიხტი.


რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას კვლავ უწესებენ.

 

კომენტარები