რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბრიტანეთის თავდაცვა: რუსეთს დიდი დანაკარგების გამო არ სურს ურბანულ ბრძოლებში ჩართვა

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრო ამბობს, რომ რუსულ ჯარებს "არ სურთ", შევიდნენ და იბრძოლონ ქალაქებში და ამის სანაცვლოდ ბომბავენ უკრაინულ ქალაქებს კონკრეტული სამიზნის გარეშე. 

"რუსული ძალები თავს არიდებენ ურბანულ ფართომასშტაბიან ოპერაციებს, უფრო მეტად ურჩევნიათ დაეყრდნონ საჰაერო და საარტილერიო დაბომბვის განურჩეველ გამოყენებას დამცავი ძალების დემორალიზების მიზნით". -  ნათქვამია სამინისტროს ახალ ანგარიშში.

ასევე, გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, კვლავ გრძელდება ალყა უკრაინის რამდენიმე მსხვილი ქალაქის გარშემო, მათ შორისაა ხარკოვი, ჩერნიგოვი და მარიუპოლი.

გაერთიანებულ სამეფოში ვარაუდობენ, რომ რუსეთი გააგრძელებს ურბანულ ტერიტორიებზე ძლიერი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებას, რათა შეამციროს საკუთარი, უკვე არსებული, სერიოზული დანაკარგები მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლის ფასად. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას კვლავ უწესებენ.

კომენტარები