მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი

სომხური მედია: აზერბაიჯანმა ყარაბაღში Bayraktar TB2 გამოიყენა, დაღუპულია 3 სამხედრო

სომეხი სამხედრო მთიან ყარაბაღში, 2020 წელი

სომხური მედიის ინფორმაციით, აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის რეგიონში, რუსეთის სამშვიდობო მისიის პასუხისმგებლობის ქვეშ მყოფ ტერიტორიაზე თავდასხმები გააგრძელა და Bayraktar TB2-ის ტიპის დრონი გამოიყენა.

როგორც მედია იუწყება, მათ თვითგამოცხადებული არცახის რესპუბლიკის ჯარის პრესსამსახურმა აცნობა, რომ 24-25 მარტის თავდასხმების შედეგად, დაღუპულია 3 სომეხი სამხედრო. 

მედიის გარდა, სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, აზერბაიჯანმა მთიან ყარაბაღში პროვოკაციები 25 მარტსაც განაგრძო. ერევანი კვლავ ელოდება რუსი სამშვიდობოების საპასუხო ქმედებას. 

გასულ დღეს, 24 მარტს სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ აზერბაიჯანმა დაარღვია 2020 წლის ომის შემდეგ დადებული შეთანხმება და ყარაბაღში, რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო ძალების კონტროლის ზონაში ერთი სოფელი დაიკავა. 

სომხეთის ხმარის მტკიცებით, შემთხვევა ადგილობრივი დროით 16:00-ზე მოხდა. დაკავებულია სოფელი პარუხი. ერევანი ბაქოს ბრალს სდებს 2020 წლის 9 ნოემბერს გაკეთებული სამმხრივი განცხადების დარღვევაში. 

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ შემთხვევას წინ უძღოდა აზერბაიჯანის მხრიდან ყარაბაღისთვის ბუნებრივი აირის ერთადერთი მიმწოდებელი გაზსადენის მუშაობის სრული შეფერხება, მაღალკალიბრიანი იარაღით სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვა და ყარაბაღელი სომხების დაშინება. 

განცხადებაში ნათქვამია, რომ სომხეთის მხარე ელის რუსი სამშვიდობოების მიერ მათი პასუხისმგებლობის ქვეშ მყოფ ზონაში გადადგან შესაბამისი ნაბიჯები და აზერბაიჯანის ძალები საწყის პოზიციებზე დააბრუნონ. 

"ველით, რომ რუსი მშვიდობისმყოფელი სამხედროები, პასუხისმგებლობის ზონაში, სადაც პროვოკაცია ხდება, მიიღებენ ზომებს, რათა აზერბაიჯანის სამხედროები დაუყოვნებლივ დაბრუნდნენ საწყის პოზიციებზე და მკაცრად შეასრულონ ვალდებულებები, რომლებიც 9 იანვრის სამმხრივი განცხადების დროს აიღეს". – წერია განცხადებაში.

სომხეთი საერთაშორისო ორგანიზაციებს შემთხვევის შეფასებისკენ მოუწოებს.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს თქმით, ნახსენებ ზონაში არ მომხდარა არანაირი შემთხვევა ან შეტაკება და მიმდინარეობს პოზიციებისა და დისლოკაციის ადგილების დაზუსტება. 

შემთხვევის შესახებ სომხეთის თავდაცვის მინისტრი, სურენ პაპიკიანი ესაუბრა რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრს, სერგეი შოიგუს. როგორც პაპიკიანი ამბობს, შოიგუმ მასთან თქვა, რომ რუსეთი მოვლენებს ყურადღებას აქცევს და გააკეთებენ ყველაფერს, რათა საკითხი მშვიდობიანად გადაჭრან.

კომენტარები