რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პუტინის ინიციატივით, რუსეთი "არამეგობრულ ქვეყნებს" გაზს მხოლოდ რუბლში მიყიდის

2022 წლის 15 თებერვალი, ვლადიმირ პუტინი ოლაფ შოლცთან შეხვედრაზე
AP News

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ამბობს, "რომ არამეგობრულ ქვეყნებში" გაზი რუბლებში გაიყიდება მას შემდეგ, რაც უცხო ქვეყნებში რუსული აქტივების გაყინვამ მოსკოვში მათდამი ნდობა შეამცირა. 

მომავალი ერთი კვირის განმავლობაში, კვლავ შესაძლებელი იქნება გაზის სხვადასხვა ვალუტაში შესყიდვა. ასევე, ამ ერთი კვირის მანძილზე, ვლადიმირ პუტინმა მთავრობასა და ეროვნულ ბანკს მოცემული გეგმის პრაქტიკაში განხორციელებისკენ მოუწოდა. 

"ხელისუფლებას ვთხოვ, მისცეს გაზპრომს შესაბამისი დირექტივა მოქმედ კონტრაქტებში ცვლილების შეტანასთან დაკავშირებით. ამავდროულად, ყველა უცხოელ მომხარებელს უნდა მიეცეს შესაძლებლობა შეასრულონ აუცილებელი ოპერაციები და უნდა შეიქმნას მათთვის გასაგები, გამჭვირვალე საგადასახადო პროცედურა, მათ შორის ჩვენს საფონდო ბირჟაზე რუსული რუბლის შეძენისას. ვთხოვ რუსეთის ბანკსა და ხელისუფლებას ერთი კვირის განმავლობაში განსაზღვრონ ასეთი ოპერაციების შესრულების წესრიგი". – თქვა ვლადიმირ პუტინმა. 

ფაქტობრივად, რუსეთმა პოლიტიკური პროცესები დააჩქარა. ამ ნაბიჯით, ევროპელ ლიდერებს მოუწევთ ენერგეტიკული პოლიტიკის სასწრაფო ცვლილება იმ შემთხვევაში, თუ მათ არ სურთ რუსული ვალუტის გამყარება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ 27 იანვრის მონაცემებით, გაზპრომის შემოსავლების 58% ევროს ვალუტაშია. 


რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები