რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინა: რუსმა ოკუპანტებმა ჩერნობილში 6 მილიონი ევროს ღირებულების ლაბორატორია გაანადგურეს

გაუცხოების ზონის მართვის სახელმწიფო სააგენტოს მიერ განცხადებასთან ერთად გამოქვეყნებული ფოტო

ჩერნობილში, გაუცხოების ზონაში რუსმა ოკუპანტებმა ახალი, 6 მილიონი ევროს ღირებულების ლაბორატორია გაანადგურეს. ინფორმაციას გაუცხოების ზონის მართვის სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

"რუსმა ოკუპანტებმა გაძარცვეს და გაანადგურეს უახლესი ცენტრალური ანალიტიკური ლაბორატორია ქალაქ ჩერნობილში, რომელიც წარმოადგენს უნიკალურ კომპლექსს მძლავრი ანალიტიკური შესაძლებლობებით და შეუძლია რადიოაქტიურ ნარჩენებთან მუშაობის პროცესის ყველა ეტაპის უზრუნველყოფა, კონდიცირებიდან ჩამარხვის ჩათვლით, ასევე ტექნოლოგიების შემუშავების და კვლევის სტადიაზე" - ნათქვამია განცხადებაში.

უწყების ცნობით, ლაბორატორიაში მაღალი აქტიურობის სინჯები და რადიონუკლიდების ნიმუშები ინახებოდა, რომლებიც ახლა რუსი სამხედროების ხელშია.

24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ყველა ობიექტი, რომელიც გაუცხოების ზონაშია განლაგებული რუსულმა სამხედრო ძალებმა აიღეს. სადგურზე რამდენჯერმე შეიქმნა ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემა, რამაც რადიაციული გაჟონვის საფრთხის შიში გააჩინა. ოკუპირების შემდეგ სადგურზე უკრაინელი სპეციალისტები განაგრძნობდნენ მუშაობას. რუსული მხარის კონტროლქვეშ თითქმის ერთთვიანი მუშაობის შემდეგ, ლექტროსადგურის ტექნიკური და უსაფრთხოების პერსონალის ნახევარი სხვა უკრაინელმა თანამრომლებმა ჩაანაცვლეს.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები