საქართველო-ევროკავშირი

SJC: საქართველო სასამართლოსთან დაკავშირებით EU-ს მიმართ ნაკისრ ვალდებულებებს არ ასრულებს

სოციალური სამართლის ცენტი (SJC) ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადზე ხელის მოწერის შემდეგ მთავრობას დაკისრებულ ვალდებულებს ახსენებს და სასამართლო სისტემის რეფორმის აუცილებლობაზე მიუთითებს

"პოლიტიკური ნების ნაკლებობამ და ფრაგმენტულმა საკანონმდებლო ინიციატივებმა ბოლო სამი წლის განმავლობაში ვერ შეასრულა საქართველოს კონტექსტისათვის უმნიშვნელოვანესი ფუნდამენტური გამოწვევა. კერძოდ, რეფორმა არ შეეხო რეალური ძალაუფლების გადანაწილებასა და სასამართლო სისტემაში დე ფაქტო გავლენიანი ჯგუფების არსებობის საკითხს". - ნათქვამია განცხადებაში.

ორგანიზაცია ასევე აფასებს 2017-2021 წლების სასამართლო სტრატეგიით გათვალისწინებულ აქტივობებს, რომელიც სასამართლო რეფორმის პროცესში უნდა განხორციელებულიყო და მიზნად ისახავდა მოსამართლეთა მიუკერძოებლობის, კეთილსინდისიერებისა და დამოუკიდებლობის პრინციპების გაძლიერებას.

"2017-2021 წლების სასამართლო სტრატეგიით გათვალისწინებული აქტივობების შესრულების მდგომარეობის შეფასებისას კი დადგინდა, რომ განხილული 92 საქმიანობიდან, 2017 წლიდან 2020 წლის თებერვლის ჩათვლით, მხოლოდ 35 შესრულდა (31 ნაწილობრივ შესრულდა, 26 შეუსრულდა)". - ნათქვამია განცხადებაში.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ 19 აპრილის შეთანხმების გაუქმება სასამართლო სისტემის გამოსწორების პერსპექტივის დღის წესრიგიდან გაქრობის გარდა, ევროკავშირის ინსტიტუტების მიმართ გამოვლენილი უპატივცემულობა იყო, რასაც საპასუხოდ საკმაოდ მკვეთრი განცხადებები მოყვა. 

"ევროკავშირმა არაერთხელ გააფრთხილა საქართველოს მთავრობა, რომ პირობების, მათ შორის სასამართლოს რეფორმის, შეუსრულებლობის გამო შეაჩერებდა ფინანსური დახმარების სახით 75 მილიონი ევროს ოდენობის ტრანშის სამომავლო ჩარიცხვას. 31 აგვისტოს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ტრანშის გადმორიცხვის პროცესის შეჩერების მოთხოვნის შემდეგ, ევროკავშირმა განაცხადა, რომ საქართველო აღარ მიიღებს მაკროფინანსური დახმარების მორიგ რაუნდს. თუმცა, ასევე გაიმეორა, რომ ამ თანხის მისაღებად აუცილებელი პირობები არ იყო დაკმაყოფილებული, შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან დახმარების შეწყვეტის მოთხოვნის მიუხედავად, მისი ჩარიცხვა დამოკიდებული იყო შესაბამის პროგრესზე (რომელიც არ  განხორციელებულა)". - ვკითხულობთ განცხადებაში.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი შესაბამის უწყესებს მოუწოდებს:

  • შეცვალონ სასამართლო სისტემის რეფორმის სტრატეგია რადიკალურად და იხელმძღვანელონ სასამართლო ხელისუფლების კონსესუსზე დაფუძნებული მართვის მოდელით;
  • შექმნან მართვის ისეთი სისტემა, სადაც ძალაუფლების კონცენტრაციის რისკები მინიმუმამდე იქნება დაყვანილი. 

სოციალური სამართლის ცენტრი აღნიშნავს, რომ მხოლოდ ამგვარი სასამართლო რეფორმის პირობებშია ევროკავშირთან დაახლოების შემდეგ ეტაპზე გადასვლა რეალური. 

კომენტარები