რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი ქნესეთს: ახლა მოსკოვი "საბოლოო გადაწყვეტას" უკრაინის საკითხისკენ მიმართავს

ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ისრაელის პარლამენტის ქნესეთის წინაშე სიტყვით გამოვიდა. გამოსვლისას ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინა და ისრაელი საკუთარი მტრებისგან ერთი და იმავე საფრთხის წინაშე არიან, "ხალხის, სახელმწიფოს, კულტურის და სახელმწიფოს სახელის: უკრაინა, ისრაელი" განადგურების საფრთხის წინაშე.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ 1920 წლის 24 თებერვალს გერმანიაში ნაცისტური პარტია ჩამოყალიბდა, რომელმაც სახელმწიფოების განადგურება და გენოციდის მოწყობა სცადა, 102 წლის შემდეგ კი იმავე დღეს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.

"ნაცისტების შემდეგ 102 წლის თავზე გაიცა რუსეთის უკრაინაში შეჭრის ბრძანება, რომელმაც უკვე მოკლა ათასობით ადამიანი, მილიონობით ადამიანმა კი სახლი დაკარგა. ისინი ათობით ქვეყანაში ლტოლვილებად იქცნენ. [..] ჩვენი ხალხი ახლა მსოფლიოში მიმოიფანტა და ადგილს ეძებს, ისევე როგორც ერთ დროს თქვენ... ეძებენ უსაფრთხოებას, ცდილობენ გადარჩნენ და იპოვონ მშვიდობა - ზუსტად ამას ეძებდით თქვენ" - თქვა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ რუსეთი უკანონო ომით ცდილობს უკრაინელებს ყველაფერი წაართვას.

"რუსეთის შეჭრა უკრაინაში არ არის სამხედრო ოპერაცია, ისე როგორც ამას მოსკოვი წარმოაჩენს. ეს არის სრულმასშტაბიანი ომი, უკანონო, რომელიც გამიზნულია გაანადგუროს ჩვენი ხალხი, ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ქალაქები, ჩვენი კულტურა, ჩვენი ბავშვები - ყველაფრის რაც უკრაინელებს უკრაინელებად აქცევს" - თქვა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მიზანშეწონილია ჰოლოკოსტთან ეპარალელება გავლება.

"რუსები ნაცისტური პარტიის ტერმინოლოგიას იყენებენ, ყველაფრის განადგურება სურთ. ნაცისტები ამას "ებრაული საკითხის საბოლოო გადაწყვეტას" ეძახდნენ. ახლა მოსკოვში იმავე სიტყვებს იყენებენ, "საბოლოო გადაწყვეტა", მაგრამ ახლა ეს ჩვენკენ, უკრაინის საკითხისკენაა მიმართული." - თქვა ზელენსკიმ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას კვლავ უწესებენ.

კომენტარები