რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ფედოროვი ოკუპანტების ტყვეობიდან გაათავისუფლეს – პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი

რუსი ოკუპანტებისგან მელიტოპოლის მერი, ივან ფედოროვი სპეცოპერაციით გათავისუფლდა -  უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ანდრე ერმაკის განცხადებას უკრაინული მედია, Unian-ი ტელეგრამის არხზე ავრცელებს.  

ჯერჯერობით, ჩატარებული სპეცოპერაციის დეტალები უცნობია. მანამდე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის ოკუპირებულ ლუგანსკში იყო და რუსები მას ტერორიზმში ადანაშაულებდნენ. 

ფედოროვი ოკუპანტებმა 12 მარტს გაიტაცეს. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ოკუპანტები მელიტოპოლის მერს აწამებდნენ, რათა რუსეთის მხარდამჭერი ვიდეო გადაეღო. ოკუპანტებმა უკვე აირჩიეს ივან ფედოროვის "შემცვლელი", ახალი მერი, რომელმაც ხალხს ახალი რეალობის შეგუებისკენ მოუწოდა. უკრაინის ხელისუფალმა შერჩეულ კანდიდატს უკვე მიუსაჯა უვადო პატიმრობა და ქონებაც ჩამოართვა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ. რუსეთის ბაზარს ტოვებს სხვადასხვა საერთაშორისო კომპანია.

კომენტარები