რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

გარი კასპაროვი: რუსული ეკონომიკის განადგურება საზიზღარი რეჟიმის დანგრევის ერთადერთი შანსია

ცნობილმა მოჭადრაკემ და პოლიტიკურმა აქტივისტმა Эхо Москвы-სთან ინტერვიუში სანქციებზე ილაპარაკა, რომლებიც თანამედროვე სამყარომ რუსეთს უკრაინაში შეჭრის გამო დაუწესა.

"შეწყვიტეთ უდანაშაულო მოქალაქეებზე საუბარი. უდანაშაულო მოქალაქეებს დღეს რუსეთი კიევსა და ხარკოვში ბომბავს. შეწყვიტეთ ისტერიკა, დიახ, რუსეთის მოქალაქეებს ცუდი დრო დაუდგათ, იმიტომ რომ ისინი აგრესორი ქვეყნის მოქალაქეები არიან. უნდა გადაიხადონ საზღაური იმისთვის, რომ 22 წელი ამ მახინჯს(პუტინს) უჭერდნენ მხარს. პუტინის სამხედრო მანქანის შეჩერების ერთადერთი გზა არსი სანქციები, მას ფული სჭირდება, ცენტრალურ ბანკში დანაზოგის გაყინვა ერთადერთი გზაა პუტინი უფულოდ დარჩეს. არ იქნება ფული – არ იმუშავებს პოლიცია და ვიღაც კადიროვებიც ვეღარ იქნებიან, იმიტომ რომ აღარ იქნება ფული, ჯარიც გაჩერდება, რომელიც ახლა ისედაც ერთ ადგილს ტკეპნის. ეს არის ტოტალური იზოლაცია, იმიტომ რომ რუსეთი მთელ სამყაროს ბირთვული იარაღით ემუქრება. 

ბორის ნემცოვმა 7 წლის წინ პუტინს დიაგნოზი დაუსვა და თქვენ ფიქრობთ წლებთან ერთად პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესდა? მხოლოდ გაუარესდა, ის დარწმუნებულია, რომ ყველაფერი გაუვა. უკრაინასთან ომი არის შედეგი სრული დაუსჯელობის, ეგონა კიევში 2-3 დღეში შევიდოდა და თავის მარიონეტს დასვამდა. მადლობა ღმერთს, უკრაინელი ჯარისკაცებისა და ხალხის გმირობამ ის შეაჩერა. რუსეთის ეკონომიკის ტოტალური განადგურება ამ საზიზღარი რეჟიმის დანგრევის ერთადერთი შანსია. პუტინის ხელისუფლებაში ყოფნის თითოეული მომდევნო დღე ასამარებს ქვეყანას, მის სახელმწიფოებრიობას. 

რაც შეეხება სატელევიზიო პროპაგანდას, უკვე მთვრალი სოლოვიოვიც იმაზე ლაპარაკობს, როგორ ცუდად ვართ, ფული რომ არ ექნებათ კაი სანახავი იქნება ეს საძმო, რომელიც წლების განმავლობაში ლანძღავდა დასავლეთს და თავად დასავლეთში დადიოდა სამოგზაუროდ. სჯობს იმაზე იფიქრონ რა მოუვათ, როდესაც რეჟიმი დაემხობა. ასეა თუ ისე, მოქალაქეებს ფული რომ გაუთავდებათ დაფიქრება მოუწევთ, იქნებ ნავალნის დოკუმენტურიც ნახონ და იკითხონ იმ სასახლის შესახებ რამე. რეჟიმის ბოროტმოქმედება ყველას პასუხისმგებლობაა, გერმანელები საშინელ ფასს იხდიდნენ ჰიტლერის გამო, რომელიც სხვათაშორის მხოლოდ 12 წელი იყო ხელისუფლებაში, აქ კი 22 წელია გასულია". - ამბობს მოჭადრაკე.

გარი კასპაროვი ლეგენდარული მოჭადრაკეა. 1985 წლიდან 2006 წლამდე კასპაროვი თითქმის უწყვეტად მსოფლიოს ნომერი პირველი მოჭადრაკე იყო. არის 8 გზის საჭადრაკო ოლიმპიადის გამარჯვებული. 1999 წელს მიაღწია რეკორდულ მაჩვენებელს, 2851 ქულას, რომელიც 13 წლის განმავლობაში ვერავინ გააუმჯობესა. 2005 წლიდან აქტიურად აკრიტიკებს ვლადიმირ პუტინის მმართველობას. სხვადასხვა დროს იყო პოლიტიკურ-სოციალური მოძრაობების გაერთიანებული სახალხო ფრონტისა და სოლიდარობის წევრი და ლიდერი. 2013 წელს დატოვა რუსეთი და განაცხადა, რომ "პუტინის რეჟიმთან ბრძოლას საერთაშორისო ასპარეზზე გააგრძელებს". ამჟამად ცხოვრობს ხორვატიაში.

კომენტარები