რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მარიონეტმა ბიბილოვმა რეგიონში სტრუქტურებს პროდუქტებზე ფასების კონტროლი დაავალა

ანატოლი ბიბილოვი

"სამხრეთ ოსეთში ყველა ზომა იქნება მიღებული, რათა მინიმუმამდე დავიყვანოთ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამო ფასების ზრდის შედეგები". - ამბობს უკუპირებული ცხინვალის მარიონეტი მმართველი, ანატოლი ბიბილოვი. 

ამის შესახებ მან დე ფაქტო მთავრობის წევრებთან, ცხინვალის და რაიონული ადმინისტრაციების დე ფაქტო ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე ისაუბრა. მისი თქმით, მძიმე ვითარება, რომელიც შეიქმნა მსოფლიოს ფინანსურ ბაზრებზე, აზიანებს სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებს.

"აუცილებელია, გადაიდგას ნაბიჯები, რათა ამ ფაქტორების გავლენა ჩვენი რესპუბლიკის მოსახლეობაზე მინიმუმამდე იყოს დაყვანილი. ჩვენ ვხედავთ, რომ ფასები იზრდება არა მარტო რუსეთში, არამედ ევროპასა და ამერიკაშიც და ეს გამოწვეულია რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ მიღებული სანქციებით. ამ სანქციებმა მძიმედ და მტკივნეულად დაარტყა როგორც თავად ევროკავშირს, ასევე ამერიკას. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთს სანქციები ემუქრება და, რა თქმა უნდა, მას უკვე აქვს იმუნიტეტი. 

ჩვენ ვხედავთ ჩვენს რესპუბლიკაში ფასების ზრდას, რასაც არანაირი საფუძველი არ აქვს. ისინი ცდილობენ გაყიდონ პროდუქციის მარაგი, რომელიც ზოგიერთ მეწარმეს ჰქონდა გაზრდილ ფასებში და არ ფიქრობენ იმ ადამიანებზე, ვინც ამით სერიოზულად არის დაზარალებული". - ამბობს ბიბილოვი. 

მარიონეტმა ბიბილოვმა ე.წ. ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, გენერალურ პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს დაავალა, მკაცრად დააკვირდნენ ძირითად პროდუქტებს და დაუსაბუთებელ ფასებზე ოპერატიულად რეაგირება მოახდინონ. 

კომენტარები