რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

16 დღის განმავლობაში რუსულ აგრესიას 79 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა

UNIAN

რუსულ აგრესიას, 16 დღის განმავლობაში, უკვე 79 ბავშვი ემსხვერპლა და 100-ზე მეტი დაშავდა.

დაღუპულთა უმეტესობა კიევის, ხარკოვის, დონეცკის, სუმის, ხერსონისა და ჟიტომირის რაიონებიდან არიან.

ეს მაჩვენებელი საბოლოო არ არის, რადგან ინტენსიური სროლების და ოკუპანტების თავდასხმების გამო, გარკვეული ადგილების შემოწმება ვერ ხერხდება.

ამჟამად დანგრეულია 280-ზე მეტი სასწავლო დაწესებულება - მათგან 9 მთლიანად განადგურდა. დონეცკის ოლქში დაზიანდა 110 სასწავლო დაწესებულება, სუმში - 28, კიევში - 17 და 10-ზე მეტი ბავშვთა სამედიცინო დაწესებულება.

12 მარტს, ხარკოვის ოლქში ნანგრევებში 5 ადამიანის ცხედარი იპოვეს, მათ შორის ორი მოზარდია - 12 და 14 წლის.

9 მარტს ქალაქ მარიუპოლში რუსი ოკუპანტების მიერ სამშობიაროზე განხორციელებული ავიათავდასხმისას გარდაიცვალა ერთი ბავშვი.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს, გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები