რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის დაზვერვა: პუტინმა ჩერნობილში ტერაქტის მომზადების ბრძანება გასცა

უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა გასცა ბრძანება ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ტერაქტის მოწყობის შესახებ, რომელსაც შემდეგში უკრაინას დააბრალებენ. 

როგორც დაზვერვაში ამბობენ, საოკუპაციო ძალები შექმნიან ყალბ "დამამტკიცებელ მასალებს". უწყების თქმით, გოსტომელში, ანტონოვის აეროპორტის მიმდებარედ შენიშნეს საოკუპაციო ძალების მაცივრების გადამტანი მანქანები, რომლებშიც უკრაინელი სამხედროების გვამებს აგროვებდნენ. ვარაუდობენ, რომ რუსები მათ გაასაღებენ ჩერნობილის ელექტროსადგურთან მოკლულ უკრაინელ დივერსანტებად. 

ამ დროისთვის ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური სრულად გათიშულია ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) მონიტორინგის სისტემიდან. სადგურის მუშაობა შეჩერებულია. 

ოკუპანტები სადგურზე სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად უკრაინელ სპეციალისტებს არ უშვებენ. მათ ნაცვლად, ბელარუსი დიქტატორი პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს ბრძანებით, აქ გაიგზავნებიან "ბელარუსი სპეციალისტები". დაზვერვის ცნობით, ობიექტზე მათთან ერთად შედიან რუსი დივერსანტებიც, რომლებიც ტერაქტს მოაწყობენ.

გასული დღეების განმავლობაში უკრაინა აქტიურად აფრთხილებდა დასავლეთს რუსეთის თავდასხმების შედეგად ბირთვული საფრთხის გაჩენის შესახებ, რადგან ქვეყანაში 15 ატომური ბლოკია. 

24 თებერვალს ბელარუსიდან შემოსულმა რუსეთის საოუკუპაციო ძალებმა უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან შეტაკების შემდეგ ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური დაიკავეს.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს, გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები