რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზახაროვა ადანაშაულებს აშშ-ს უკრაინა-საქართველოს ლაბორატორიებში ბიოლოგიურ იარაღზე მუშაობაში

მარია ზახაროვა
RIA

კრემლის ერთ-ერთი მთავარი პროპაგანდისტი, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, მარია ზახაროვა აშშ-სა და კიევს უკრაინაში ბიოლოგიურ და ქიმიურ იარაღებზე მუშაობაში ადანაშაულებს.

ზახაროვას თქმით, რუსეთმა 24 თებერვალს გაანადგურა საკუთარ საზღვრებთან ახლოს მყოფ უკრაინულ ლაბორატორიებში "ბიოლოგიური იარაღისთვის" საჭირო არსებული "კომპონენტები".

რუსეთის საგარეო უწყების სპიკერმა საუბარში კიდევ ერთხელ ახსენა საქართველოში მყოფი ლუგარის ლაბორატორია.

"ამაზე 2020 წელსაც ვსაუბრობდით, პოსტსაბჭოთა სივრცეში აშშ-ს სამხედრო-ბიოლოგიურ აქტიურობაზე შეშფოთებას გამოვთქვამდით. ჩამოვთვლი რა რაოდენობის მასალებსა და განცხადებებს ვაკეთებდით საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ ბიოლაბორატორიასთან დაკავშირებით, პოსტსაბჭოთა სივრცის სხვა ქვეყნებშიც. შეკითხვების დიდი ნაწილი დაკავშირებული იყო აშშ-ს თავდაცვის სამინისტრო აშენებულ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის, ლუგარის სახელობის კვლევითი ცენტის საქმიანობაზე, საუბარი ეხება უშუალოდ საქართველოს. იქ იმართებოდა აშშ-სა და საქართველოს სახმელეთო ძალების სამედიცინო კვლევები". – თქვა ზახაროვამ. 

ამას გარდა, გასულ დღეებში რუსმა უფროსმა გენერალ-ლეიტენანტმა იგორ კირილოვმა წამოაყენა ბრალდება, რომ ღორის გრიპი, რომელიც 2007 წლიდან ვრცელდება, საქართველოს ლაბორატორიაშია გამოყვანილი.

"ჩვენ გვჯერა, რომ 2007 წელს პენტაგონის მიერ საქართველოს ბიოლოგიურ ლაბორატორიაში მაღალი ინფიცირების მაჩვენებლიანი ღორის გრიპის შტამი შეიქმნა. მისმა გავრცელებამ მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზიანი მიაყენა უამრავ სახელმწიფოს, მათ შორის უკრაინასა და პოლონეთს და გამორიცხა ისინი ღორის ხორცის ექსპორტიორებისგან". – ამბობდა რუსი სამხედრო მაღალჩინოსანი.

ეს რუსეთის მხრიდან საქართველოში არსებული  ლაბორატორიების წინააღმდეგ პირველი გაჟღერებული ბრალდება არ არის. 

რუსეთმა ჰიბრიდული ომი ლუგარის კვლევით ცენტრს ჯერ კიდევ მაშინ გამოუცხადა, როდესაც ლაბორატორიის მშენებლობაც კი არ იყო დასრულებული. მთელი ამ წლების განმავლობაში რუსული პროპაგანდის მანქანა, სხვადასხვა გზით, იქნებოდა ეს კრემლის მედია, თუ თავად რუსი მაღალჩინოსნების, მათ შორის პრეზიდენტ პუტინის საჯარო განცხადებები, არაერთ ტყუილს ავრცელებდა ლაბორატორიის შესახებ.

რუსეთი საქართველოსგან მოითხოვს, ჰქონდეს ლუგარის ლაბორატორიაში ვიზიტის და ყველა შენობასა და დოკუმენტზე წვდომის უფლება. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება 2020 წლის 28 მაისს გამოაქვეყნა. რუსეთი აცხადებს, რომ, შესაძლოა, საქართველოში "ამერიკული საომარი და ბიოლოგიური მოქმედებები მიმდინარეობდეს".

უფრო მეტი ლუგარის კვლევითი ცენტრის საქმიანობისა და ისტორიის შესახებ წაიკითხეთ აქ.

კომენტარები