რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

Save The Children: უკრაინიდან წამოსული ორი მილიონი ლტოლვილიდან 800 000 ბავშვია

ბრიტანული ჰუმანიტარული ორგანიზაციის, Save The Children-ის ცნობით, უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან დღემდე ქვეყანა ორმა მილიონმა ლტოლვილმა დატოვა, მათ შორის 800 000 ბავშვია.

ორგანიზაციის ინფორმაციით, ბავშვების დიდი ნაწილი უკრაინის საზღვრამდე გზას მარტო, თანმხლები პირის გარეშე გადის.

"მშობლები თავიანთი შვილების დასაცავად ყველაზე სასოწარკვეთილ, გულისმომკვლელ ზომებს მიმართავენ. მათ შორის, უკრაინის გარეთ უსაფრთხო ადგილის მოსაძებნად შვილებს მეზობლებთან და მეგობრებთან ერთად გზავნიან, თავად კი საკუთარი სახლების დასაცავად რჩებიან". - ამბობს ორგანიზაციის წარმომადგენელი, ირინა საგოიანი.

უკრაინელი ლტოლვილების ნახევარზე მეტი პოლონეთში წავიდა, დიდი ნაწილი კი უნგრეთსა და სლოვაკეთში. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს, გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები