სუს

სუს: საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობა არ აღემატება გასული წლების ანალოგიური პერიოდისას

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საქართველოში რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეების მასიური შემოდინების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას დეზინფორმაციას უწოდებს. უწყება აცხადებს, რომ მიმდინარე პერიოდში ქვეყანაში შემომსვლელ პირთა რაოდენობა არ აღემატება გასულ წლების ანალოგიური პერიოდის სტატისტიკას

"მიმდინარეობს საზოგადოების დაშინება შემოსულ პირთა შორის ე.წ. დივერსანტების, ტერორიზმთან დაკავშირებული ჯგუფების და ა.შ. არსებობის შესახებ. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ქვეყანაში არსებული უსაფრთხოების გარემო სრულ კონტროლს ექვემდებარება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სხვა შესაბამის უწყებებთან ერთად აქტიურ რეჟიმში ატარებს ყველა საჭირო ღონისძიებას, რათა მინიმუმამდე შემცირდეს შესაძლო რისკები და გამოწვევები, ასევე სრულად იქნას გაკონტროლებული ქვეყანაში მყოფი პოტენციური რისკის შემცველი ყველა პირი". – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

უწყების განცხადებით, ქვეყანაში შემოსული რუსეთის, ბელარუსის და სხვა უცხო ქვეყნების მოქალაქეების მიერ არ შეიმჩნევა ქვეყნის უსაფრთხოებისათვის რისკის შემცველი მოქმედებების ტენდენცია.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო მსოფლიოს ქვეყნების მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გამო ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთის მოქალაქეები ქვეყანას მასობრივად ტოვებენ, მათ შორის, საქართველოში მიემგზავრებიან. საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის თქმით, რუსეთიდან საქართველოში დაახლოებით 20-25 000 ადამიანი შემოვიდა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს, გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები