რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

REUTERS: ამერიკელთა 74% თვლის, რომ აშშ-მ და NATO-მ უკრაინის ცა უნდა დაკეტონ

გამოცემა Reuters-მა კომპანია Ipsos-თან ერთად აშშ-ში კვლევა ჩაატარა, რომლის მიხედვით აღმოჩნდა, რომ ამერიკის უმრავლესობა მხარს უჭერს აშშ-სა და NATO-ს თანამშრომლობით უკრაინის ცის არასაფრენ ზონად გამოცხადებას, რათა ქვეყანა დაცული იყოს რუსეთის საჰაერო შეტევებისგან.

უკრაინაში ომის შესახებ Ipsos-მა კვლევა ელექტრონულად და ინგლისურ ენაზე ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც გამოიკითხა 831 ზრდასრული ადამიანი.

Reuters-ის მიხედვით, ამერიკელთა 74% მიიჩნევს, რომ ამერიკამ და მისმა პარტნიორებმა NATO-ში უკრაინის ცა არასაფრენ ზონად უნდა გამოაცხადონ. გამოცემის ცნობით, მხარდამჭერთა შორის არის რესპუბლიკური და დემოკრატიული პარტიების ამომრჩევლების მყარი უმრავლესობა.

მათივე ცნობით, ამერიკელთა 81% ფიქრობს, რომ ვაშინგტონმა რუსეთს დამატებითი სანქციები უნდა დაუწესოს, ხოლო 77% ფიქრობს, რომ სანქციები ვლადიმირ პუტინთან დაახლოებულ რუს ოლიგარქებს უნდა შეეხოთ.

ამასთან ერთად, გამოცემის ინფორმაციით, ამერიკელთა 80% ფიქრობს, რომ მათმა ქვეყანამ უნდა შეწყვიტოს რუსეთისგან ნავთობის შეძენა. Reuters იტყობინება, რომ ამ აზრის მხარდაჭერთა შორის თანაბრად არიან რესპუბლიკური და დემოკრატიული პარტიების ამომრჩევლები.

ამასთან ერთად, Reuters-ის ინფორმაციით, მოსახლეობის 62% ამბობს, რომ მზად არიან გადაიხადონ საწვავსა და ბუნებრივ აირში მეტი საფასური, სხვა დემოკრატიული ქვეყნის დასაცავად.

კვლევის მიხედვით, ამერიკელთა 74% ფიქრობს, რომ მათმა ქვეყანამ უნდა მიიღოს უკრაინელი ლტოლვილები, 72% კი ფიქრობს, რომ აშშ-მ უკრაინას იარაღი უნდა მისცეს.


რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოსე ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები