რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რეზნიკოვი: მტერი ყოველ სიცოცხლეზე, ყოველ ცრემლზე აგებს პასუხს, ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ!

უკრაინაში ომის დაწყებიდან 9 დღე გავიდა - თავდაცვის მინისტრი, ოლეკს რეზნიკოვი ქვეყანაში არსებულ სიტუაციაზე წერს. რეზნკოვის ინფორმაციით, ოკუპანტები დასახლებულ პუნქტებს ბომბავენ და რამდენიმე მიმართულებით წინ წავიდნენ, თუმცა უკრაინელი სამხედროები გმირულად იბრძვიან და შეტევებს იგერიებენ, მტრის დანაკარგი კი იზრდება. 

9 დღე, 4 საათი და 2 წუთი. უკრაინა იცავს მსოფლიოს. რუსი ტერორისტების წინააღმდეგ ბრძოლის მე-10 დღე. მე-10 დღეა შეიარაღებული ძალების, მესაზღვრეების, მაშველების, სხვა მებრძოლებისა და ყველა იმ უკრაინელის გამბედაობის, ვინც გმირულად იცავს უკრაინას. ჩვენი ხალხის წყალობით კრემლის გეგმები ორ დღეში უკრაინელების დამორჩილებასთან, დიდი ქალაქების ხელში ჩაგდებასთან, სახელმწიფოს დამხობასა და უკრაინის რუსეთთან ანექსიასთან დაკავშირებით ჩავარდა. დიახ, მტერი რამდენიმე მიმართულებით წინ წავიდა, მაგრამ აკონტროლებს მხოლოდ მცირე ტერიტორიას. ჩვენი დამცველები მოიგერიებენ და განდევნიან ოკუპანტებს.

შეტევის ნელი ტემპისა და უკრაინელების წინააღმდეგობის გათვალისწინებით, რუსეთი ტაქტიკას ცვლის. დღემდე უკრაინის ცა ყველაზე დაუცველია. აგრესორი სრულყოფილად და აქტიურად იყენებს თავის საჰაერო და სარაკეტო პოტენციალს - ყველა სახის ავიაცია ბომბავს ქალაქებს, სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, მათ შორის, კრიტიკულ და სახიფათო ატომურ და ჰიდროელექტროსადგურებს.

"დიდებულმა" არმიამ თავისი ნამდვილი ბუნება აჩვენა - მშიშარა ტერორისტის, რომელსაც თავდასხმა მხოლოდ მშვიდობიან მოსახლეობაზე - ბავშვებზე, ქალებსა და უიარაღო მოქალაქეებზე შეუძლია. მიმდინარეობს საცხოვრებელი უბნების, სკოლების, საბავშვო ბაღებისა და საავადმყოფოების მიზანმიმართული დაბომბვა. მტერი ანგრევს ტაძრებსა და ეკლესიებს. სადგურების, ათასობით ევაკუირებული ქალისა და ბავშვის დაბომბვა შეშინებულების ტაქტიკაა. დარწმუნებით ვამბობ - ყოველ სიცოცხლეზე, ყოველ ცრემლზე მტერი პასუხს აგებს.

აღფრთოვანებული ვარ უკრაინელების სიძლიერით მარიუპოლში, ვოლნოვახაში, ხარკოვში, ჩერნიგოვში, მიკოლაევში, ხერსონსა და ყველა სხვა ქალაქში, სადაც ამჟამად ყველაზე რთული სიტუაციაა. შთამბეჭდავია ჩვენი ხალხის გამბედაობა! იარაღის გარეშეც კი, ბებიები თავიანთი სახლების დასაცავად გამოდიან. ოკუპანტების მიმართ ლანძღვა-გინებაა უკრაინულადაც და რუსულადაც. ჩვენ არ გვქონია და არ გვაქვს ენობრივი განსხვავებები - ოკუპანტს ყველა ენაზე მიუთითეთ რუსული ხომალდის მიმართულება. 100-ვე ეროვნების ხალხმა, ვისთვისაც უკრაინა საკუთარი სახლია.

ჩვენ ვმუშაობთ სიჩუმის რეჟიმის შემოღებასა და ჰუმანიტარული დერეფნების გახსნაზე. მტერმა არ იცის ადამიანის სიცოცხლის ფასი, მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დავეხმაროთ ჩვენს მოქალაქეებს. ვიმედოვნებთ, რომ ჰუმანიტარული დერეფანი იმუშავებს და ჩვენ შევძლებთ მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციას. 

რაც შეეხება რეგიონებში არსებულ მდგომარეობას: შეიარაღებული ძალები აკონტროლებენ სიტუაციას, იკავებენ საზღვრებს და კონტრშეტევაზე გადადიან, უკან უბიძგებენ მტერს. ოკუპანტების ძირითადი ძალისხმევა მიმართული იყო კიევის ალყაში მოქცევაზე და მათ მიერ დაბლოკილ დასახლებებში წინააღმდეგობის შესუსტებაზე. ქალაქ კიევის დამცველები აგრძელებენ მტრის შეტევის მოგერიებას, ზიანს აყენებენ მის შემტევ ჯგუფს. ვოლინის მიმართულებით ჩვენი ჯარების პოზიცია მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. ჩრდილოეთის მიმართულებით ჩერნიგოვი გმირულად იცავს თავს. უკრაინის ჯარები ოკუპირებულ საზღვრებზე პოზიციებს იკავებენ. ჩერნიგოვის ოლქის მიხაილო-კოციუბინსკეს დასახლებაში წყლის ბარიერის წინ დგას 200-მდე ერთეული აღჭურვილობისა და ცოცხალი ძალის კოლონა. მდინარეზე გადასასვლელი ხიდი დაინგრა. სლობოჟანსკის მიმართულებით უკრაინელი სამხედროები აგრძელებენ თავდაცვით ბრძოლას, წარმატებით დაამარცხეს მტერი. გაერთიანებული ძალები კვლავ აწარმოებენ თავდაცვით ოპერაციას, ორი ოპერატიულ-ტაქტიკური ჯგუფის დახმარებით. პრიმორსკის მიმართულებით ჩვენი დამცველები ფარავენ ზღვის სანაპიროს და ასრულებენ დავალებებს ქალაქ ნიკოლაევის ალყაში მოქცევის თავიდან ასაცილებლად. უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალები იგერიებენ მტრის საჰაერო დარტყმებს. სისტემატური საბრძოლო მოქმედებები გრძელდება, რუსმა დამპყრობლებმა დაკარგეს 39 თვითმფრინავი და 40 ვერტმფრენი. 

მტრის დანაკარგები იზრდება. მოტივაციაზე საუბარი ზედმეტია - ის არ იყო და არც არის. საოკუპაციო ძალების მორალური და საბრძოლო მდგომარეობა ნულის ქვემოთაა. უკრაინაში მტრის სამხედრო რესურსი იწურება, იქნება ლოგისტიკური კოლაფსი. ამის გაცნობიერებით, იზრდება მტრის ტყვედ ჩაგდების ტენდენცია - არა მარტოხელა ჯარისკაცების, არამედ მთელი ოცეულების. მათ უკვე ესმით, რომ ათასობით თანაკლასელის ცხედარი, რომლებმაც გამოცდაზე 200 ქულა მიიღეს, უცხო მიწაზე დარჩა. მოსკოვი ხომ არ აღიარებს მათ სიკვდილს, პუტინისთვის ისინი საზარბაზნე ხორცია, მათი იმპერიული ოცნების მიღწევის მცდელობის ხარჯი. ბევრმა უკვე გაიგო - უღალატეს.

ასე რომ, ვიმეორებ, ოკუპანტისთვის სიცოცხლის გადარჩენის ერთადერთი გზა დანებებაა. ბრძოლა გრძელდება. მაგრამ ყველა ქალაქში უკრაინელები ცხადყოფენ - რუსეთს აქ არასდროს ელოდნენ! ჩვენ საკუთარ მიწაზე ვართ და აქ ოკუპანტების ადგილი არ არის! ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ! 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოსე ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები