რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პენტაგონი: კიევისკენ რუსული ძალების გადაადგილება ჯერჯერობით გაჩერებულია

ჯონ კირბი

უკრაინის ჩრდილოეთში, კიევისკენ რუსეთის სამხედრო ძალების გადაადგილება, ჯერჯერობით, გაჩერებულია. ამის შესახებ პენტაგონის სპიკერმა, ჯონ კირბიმ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

"ჩვენი შეფასებით, ბოლო 24-36 საათში მნიშვნელოვანი პროგრესი არ ჰქონიათ". - თქვა კირბიმ.

მისი განმარტებით, ამის მიზეზი, სავარაუდოდ, რამდენიმე ფაქტორია, მათ შორის, უშუალოდ რუსული ძალების გადაჯგუფება და მდგომარეობის შეფასება, ლოგისტიკა, უკრაინელების წინააღმდეგობა.

მისივე თქმით, უკრაინის სამხრეთ ნაწილში ორი ქალაქის, ხერსონის და მარიუპოლის კონტროლისთვის მწვავე დაპირისპირებაა.

"ჩვენი შეფასებით, რაც უფრო უახლოვდებიან სამხრეთში ამ დასახლებულ ცენტრებს, მით უფრო მეტ წინააღმდეგობას აწყდებიან" - თქვა კირბიმ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები