რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციამ რუსეთსა და ბელარუსს ტურნირებში მონაწილეობა აუკრძალა

ყინულის ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციამ (IIHF) რუსეთისა და ბელარუსის ეროვნულ და ასაკობრივ ნაკრებებსა და კლუბებს ორგანიზაციის მიერ გამართულ ტურნირებში მონაწილეობის მიღება აუკრძალა. ამის შესახებ განცხადება IIHF-მა საკუთარ ვებგვერდზე გაავრცელა.

აგრეთვე, ორგანიზაციამ რუსეთს 2023 წელს დაგეგმილი ჰოკეის ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლებაც ჩამოართვა, რომელიც ნოვოსიბირსკსა და ომსკში უნდა გამართულიყო.

ორგანიზაციამ შეშფოთება გამოხატა რუსეთის მიერ უკრაინის მიმართ განხორციელებული სამხედრო აგრესიის გამო და იმედი გამოთქვა, რომ საბოლოოდ კონფლიქტი მშვიდობიანად გადაწყდება.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები