უკრაინაში, ბოლო 4 დღის განმავლობაში, რუსეთის აგრესიის შედეგად 16 ბავშვი დაიღუპა. ინფორმაციას უკრაინის ჯანდაცვის მინისტრი, ვიქტორ ლიაშკო ავრცელებს.
"მეოთხე დღეა... დღე და ღამე მიმდინარეობს დაჭრილების გადარჩენის ოპერაციები, ვცდილობთ სიცოცხლის გადარჩენას. ბავშვებსაც ვუკეთებთ ოპერაციებს. სამწუხაროდ 16 ბავშვის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ეს არის იმის შედეგი, რომ რუსული არმია, რომელსაც არმია არ შეიძლება ვუწოდოთ, რადგან არმია არ ესვრის ექიმებს, ბავშვებს, სკოლებს, საბავშვო ბაღებს - ტერორისტები ესვრიან მათ. და კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ეს არ არის ჯარი - ესენი ტერორისტები არიან".- ამბობს ლიაშკო.
27 თებერვალს, კიევში რუსმა დივერსანტებმა ავტომობილს, რომელშიც ერთი ოჯახის 5 წევრი იმყოფებოდა, ცეცხლი გაუხსნეს. დაიღუპა 3 ადამიანი, ცოლ-ქმარი და მათი მე-4 კლასელი გოგო. ინფორმაციას კიევის საქალაქო საბჭოს მდივანი, ვოლოდიმირ ბონდარენკო ავრცელებს.
ასევე, უკრაინის დედაქალაქ კიევის დასავლეთ რაიონში ძლიერი სროლისა და შეტაკების შედეგად 6 წლის ბიჭი დაიღუპა, დაიჭრა რამდენიმე მშვიდობიანი მოქალაქე.
სუმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის დიმიტრი ჟივიცკის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში, ქალაქ ახტირკაში დაბომბვებს 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ერთ-ერთი დაღუპული 7 წლის გოგონაა.
რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა.
პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.
ომის გამოცხადებამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინთან დაკავშირება სცადა, თუმცა, მისივე ცნობით, პასუხად მხოლოდ სიჩუმე მიიღო.
რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.