რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის გენ. პროკურორი: რუსმა სამხედროებმა ჟურნალისტი მოკლეს, დაცხრილეს სასწრაფოს მანქანა

უკრაინის გენერალური პროკურორის, ირინა ვენედიკტოვას ცნობით, რუსმა სამხედროებმა ჟურნალისტი მოკლეს, დაცხრილეს სასწრაფოს მანქანა და ხარკოვში ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლს ტყვიები დაუშინეს. 

ვენედიკტოვას თქმით, უკრაინის სამართალდამცავი ორგანოები განაგრძობენ რუსეთის მიერ ომისას ჩადენილი დანაშაულების გამოძიებასა და აღრიცხვას. მისივე ცნობით, აშშ თანახმაა, უკრაინაში გაგზავნოს ექსპერტები ომის დანაშაულების გამოსაძიებლად.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

ომის გამოცხადებამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინთან დაკავშირება სცადა, თუმცა, მისივე ცნობით, პასუხად მხოლოდ სიჩუმე მიიღო. 

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები