დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

კულება: მივესალმები გერმანიის მიერ Nord Stream 2-ის შეჩერებას – ეს სწორი ნაბიჯია

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება გერმანიის მიერ ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის გაზსადენის სერტიფიცირების შეჩერებას მიესალმა და წერს, რომ ეს მორალურად, პოლიტიკურად და პრაქტიკულად სწორი ნაბიჯი იყო.

"მივესალმები გერმანიის გადაწყვეტილებას ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის სერტიფიცირების შეჩერების შესახებ. ეს არსებულ ვითარებაში მორალურად, პოლიტიკურად და პრაქტიკულად სწორი ნაბიჯია. ნამდვილი ლიდერობა რთულ დროს რთული გადაწყვეტილებების მიღებას ნიშნავს. გერმანიის ეს ნაბიჯი სწორედ ამას ადასტურებს". – წერს კულება Twitter-ზე.

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის თქმით, გაზსადენი ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის პროექტის წინსვლა უკრაინის კრიზისის ფონზე ვერ გაგრძელდება და გაზსადენის დამტკიცების პროცესი დროებით შეჩერებულია.

21 თებერვალს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა აღიარა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა. მოგვიანებით პუტინმა რუსეთის შეიარაღებულ ძალებს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში მშვიდობის უზრუნველყოფის ბრძანება მისცა. ბრძანება გამომდინარეობს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გაფორმებული ხელშეკრულებებიდან, რომელთა მიხედვით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დონბასში მშვიდობა უნდა უზრუნველყონ.

უკრაინის საზღვრებთან 100 000-ზე მეტი რუსი სამხედროს განლაგებისა და თავდასხმის საფრთხის ფონზე, დონბასში სიტუაცია 17 თებერვლიდან დაიძაბა. პრორუსი სეპარატისტული ძალები პროვოკაციებს განაგრძობენ. მათი მხრიდან სროლები გრძელდება, რასაც ამ დრომდე 2 უკრაინელის სიცოცხლე ემსხვერპლა. პარალელურად გააქტიურებულია რუსული სამთავრობო მედიების პროპაგანდა და მოვლენებთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ავრცელებენ. მარიონეტულმა სეპარატისტულმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკებმა მასობრივი ევაკუაცია გამოაცხადეს.

18 თებერვალს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თქვა, რომ რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინაში მომდევნო დღეებში შეიჭრებიან და სამიზნე ქვეყნის დედაქალაქი, კიევი იქნება.

დონბასში არსებული დაძაბულობის ფონზე, ბელარუსი-რუსეთის ერთობლივი წვრთნები, რომლებიც 20 თებერვალს უნდა დაწყებულიყო, უვადოდ გახანგრძლივდა.

კომენტარები