უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება

დროა: შაბათს მოინიშნეთ 3 საათი პუტინისთვის პასუხის გასაცემად

პოლიტიკური პარტია, დროა რუსეთის მიერ ე.წ.დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუიკიდებლობის აღიარების გასაპროტესტებლად ცოცხალი ჯაჭვის ორგანიზებას გეგმავს. პარტიის ლიდერის, ელენე ხოშტარიას თქმით, იწყება კონსულტაციებს ყველა პარტიასთან და საზოგადოებრივ ჯგუფთან, შესაძლოა პროტესტის ფორმა შეიცვალოს.

"გთავაზობთ: ვფიქრობ, პუტინის გუშინდელ გამოსვლას, გარდა მთავრობების პასუხისა, მოქალაქეების პასუხიც უნდა მოჰყვეს. დარწმუნებული ვარ, ბევრს გვაქვს სურვილი, დავაფიქსიროთ, რომ იმპერიული ისტორია, რომელიც გუშინ პუტინმა გადაგვიწერა, ჩვენთვის ბოროტებაა და სამომავლოდ ამის მიღებას არავინ აპირებს. უნდა გამოვჩნდეთ ქვეყანა და მისი მოქალაქეები, რომლებმაც 1991 წლიდან მოყოლებული, 2008 წლის გავლით, ყველაზე კარგად ვიცით, რა არის ოკუპაცია.

დღეს დროა დავიწყებთ კონსულტაციებს ყველა პარტიასთან და საზოგადოებრივ ჯგუფთან. ვფიქრობ, ჯაჭვი უნდა გავაკეთოთ. ფორმებზე კიდევ ვიფიქრებთ და ყველაფერს შეგატყობინებთ ოპოზიციური სპექტრი ერთად.

შაბათს მოინიშნეთ 3 საათი პუტინისთვის პასუხის გასაცემად". - წერს დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია. 

21 თებერვალს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა აღიარა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა. მოგვიანებით კი პუტინმა რუსეთის შეიარაღებულ ძალებს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში მშვიდობის უზრუნველყოფის ბრძანება მისცა. ბრძანება გამომდინარეობს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გაფორმებული ხელშეკრულებებიდან, რომელთა მიხედვით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დონბასში მშვიდობა უნდა უზრუნველყონ.

უკრაინის საზღვრებთან 100 000-ზე მეტი რუსი სამხედროს განლაგებისა და თავდასხმის საფრთხის ფონზე, დონბასში სიტუაცია 17 თებერვლიდან დაიძაბა. პრორუსი სეპარატისტული ძალები პროვოკაციებს განაგრძობენ. მათი მხრიდან სროლები გრძელდება, რასაც ამ დრომდე 2 უკრაინელის სიცოცხლე ემსხვერპლა. პარალელურად გააქტიურებულია რუსული სამთავრობო მედიების პროპაგანდა და მოვლენებთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ავრცელებენ. მარიონეტულმა სეპარატისტულმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკებმა მასობრივი ევაკუაცია გამოაცხადეს.

18 თებერვალს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თქვა, რომ რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინაში მომდევნო დღეებში შეიჭრებიან და სამიზნე ქვეყნის დედაქალაქი, კიევი იქნება.

დონბასში არსებული დაძაბულობის ფონზე, ბელარუსი-რუსეთის ერთობლივი წვრთნები, რომლებიც 20 თებერვალს უნდა დაწყებულიყო, უვადოდ გახანგრძლივდა.

კომენტარები