უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება

"უკრაინა იმსახურებს EU-ს წევრობის კანდიდატობას" – უკრაინის, ლიტვისა და პოლონეთის დეკლარაცია

კიევში გამართული შეხვედრის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ და ლიტვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ ხელი მოაწერეს საერთო დეკლარაციას, რომელშიც აღნიშნულია, რომ უკრაინა იმსახურებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს. 

"ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს დეესკალაციისკენ - გაიყვანოს შეიარაღებული ძალები, რომლებიც განლაგებულია უკრაინის საზღვრებთან დაუკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ასევე, ტავი შეიკავოს შემდეგი სამხედრო ქმედებებისგან. 

ლიტვისა და პოლონეთის პრეზიდენტები დგანან უკრაინის გვერდით, სრულად უჭერენ მხარს მის მცდელობას, მოაგვაროს რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი მშვიდობიანი და დიპლომატიური გზებით.

უკრაინა იმსახურებს ჩვენს მტკიცე მხარდაჭერას მისი ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ, რომელიც შეესაბამება უკრაინელი ხალხის თავისუფალ ნებასა და არჩევანს. 

ხაზს ვუსვამთ, რომ ასოცირების შეთანხმების  განხორციელებისა და შიდა რეფორმებში შესამჩნევი პროგრესის, ასევე, უსაფრთხოების არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, უკრაინა იმსახურებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს. ლიტვა და პოლონეთი უკრაინას მხარს დაუჭერენ ამ მიზნის მიღწევაში". - ვკითხულობთ დეკლარაციაში. 

დეკლარაციაში ასევე აღნიშნულია, რომ პოლონეთი და ლიტვა მტკიცედ უჭერენ მხარს უკრაინის სუვერენულობას, სამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას და გმობენ რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარებას. ასევე, მოუწოდებენ საერთაშორისო საზოგადოებას, გადადგან მტკიცე ნაბიჯები რუსეთის ქმედების საპასუხოდ.  

21 თებერვალს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა აღიარა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა. მოგვიანებით პუტინმა რუსეთის შეიარაღებულ ძალებს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში მშვიდობის უზრუნველყოფის ბრძანება მისცა. ბრძანება გამომდინარეობს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გაფორმებული ხელშეკრულებებიდან, რომელთა მიხედვით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დონბასში მშვიდობა უნდა უზრუნველყონ. 

რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ სახალხო რესპუბლიკების აღიარების შემდეგ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა. პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, სანქციები დაუწესეს ორ ყველაზე დიდ ფინანსურ ინსტიტუციას – VEB-ს და სამხედრო ბანკს. ასევე, "ყოვლისმომცველი სანქციები" დაწესდა რუსეთის სუვერენულ ვალზე. 

22 თებრვალს აშშ-ს გარდა რუსეთს სანქციები დაუწესა დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირმაც. ევროკავშირის სანქციები რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს შეეხო, დიდი ბრიტანეთის კი 5 ბანკს და სამ მილიარდერს. გერმანია კი ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის მილსადენის ამოქმედებას აჩერებს. რუსეთს სანქციებს უწესებს იაპონია და კანადაც. 

უკრაინის საზღვრებთან 100 000-ზე მეტი რუსი სამხედროს განლაგებისა და თავდასხმის საფრთხის ფონზე, დონბასში სიტუაცია 17 თებერვლიდან დაიძაბა. პრორუსი სეპარატისტული ძალები პროვოკაციებს განაგრძობენ. მათი მხრიდან სროლები გრძელდება, რასაც ამ დრომდე 2 უკრაინელის სიცოცხლე ემსხვერპლა. პარალელურად გააქტიურებულია რუსული სამთავრობო მედიების პროპაგანდა და მოვლენებთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ავრცელებენ. მარიონეტულმა სეპარატისტულმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკებმა მასობრივი ევაკუაცია გამოაცხადეს.

18 თებერვალს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თქვა, რომ რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინაში მომდევნო დღეებში შეიჭრებიან და სამიზნე ქვეყნის დედაქალაქი, კიევი იქნება. დონბასში არსებული დაძაბულობის ფონზე, ბელარუსი-რუსეთის ერთობლივი წვრთნები, რომლებიც 20 თებერვალს უნდა დაწყებულიყო, უვადოდ გახანგრძლივდა.

კომენტარები