დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

РИА: სირია უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობას აღიარებს

ბაშარ ალ-ასადი

რუსული სამთავრობო მედიის, РИА Новости-ს ინფორმაციით, უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობას სირიის პრეზიდენტი, ბაშარ ალ-ასადიც აღიარებს. 

რუსულ მედიას ინფორმაცია ამის შესახებ მიაწოდა რუსეთის დუმის სირიის პარლამენტთან კავშირის ჯგუფის კოორდინატორმა, დმიტრი საბლინმა. 

"მჯერა, რომ რუსეთის კვალზე დსრ-სა და ლსრ-ს აღიარებენ მოკავშირეები და მეგობრები. მე დონბასის სიტუაციაზე ვესაუბრებოდი სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადს. მან თქვა, რომ სირია ისევე იქნება მზად აღიაროს ისინი, როგორც სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი აღიარა", – თქვა საბლინმა.

ბაშარ ალ-ასადის რეჟიმს აღიარებული აქვს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობაც.

ბაშარ ალ-ასადი სირიაში რუსეთის ახლო მოკავშირეა. მან სამოქალაქო ომის დროს დიდ ტერიტორიებზე კონტროლი სწორედ მოსკოვის დახმარების შედეგად აღიდგინა.

21 თებერვალს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა აღიარა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა.

უკრაინის საზღვრებთან 100 000-ზე მეტი რუსი სამხედროს განლაგებისა და თავდასხმის საფრთხის ფონზე, დონბასში სიტუაცია 17 თებერვლიდან დაიძაბა. პრორუსი სეპარატისტული ძალები პროვოკაციებს განაგრძობენ. მათი მხრიდან სროლები გრძელდება, რასაც ამ დრომდე 2 უკრაინელის სიცოცხლე ემსხვერპლა. პარალელურად გააქტიურებულია რუსული სამთავრობო მედიების პროპაგანდა და მოვლენებთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ავრცელებენ. მარიონეტულმა სეპარატისტულმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკებმა მასობრივი ევაკუაცია გამოაცხადეს.

18 თებერვალს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თქვა, რომ რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინაში მომდევნო დღეებში შეიჭრებიან და სამიზნე ქვეყნის დედაქალაქი, კიევი იქნება.

დონბასში არსებული დაძაბულობის ფონზე, ბელარუსი-რუსეთის ერთობლივი წვრთნები, რომლებიც 20 თებერვალს უნდა დაწყებულიყო, უვადოდ გახანგრძლივდა.

კომენტარები