რიყის დოქები

რიყის დოქებს აუქციონზე კიდევ ერთხელ გაიტანენ, ამჯერად საწყისი ფასი 10 მილიონი ლარი იქნება

"რიყის დოქები"

ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობა ე.წ. რიყის დოქების გაყიდვას კიდევ ერთხელ შეეცდება. დავითაშვილის თქმით, ამჯერად აუქციონის საწყისი ფასი 10 მილიონი ლარი იქნება.

"რიყის დოქების სააუქციონო პირობებში შევიტანეთ ცვლილებები, რასაც მთავრობის განკარგულება დასჭირდა. წინა აუქციონების შედეგად, იმ ფასით, რომელიც გამოცხადებული იყო, სამწუხაროდ, ჩვენ ვერ მივიღეთ ინვესტორების დაინტერესება. ამჯერად აუქციონის საწყისი ფასი 10 მილიონი ლარი იქნება. იმედია, მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება და ეს ობიექტი გაცოცხლდება. გვსურს, იქ ტურისტული მიზიდულობის ცენტრი გავაჩინოთ. განსაზღვრულია როგორც ტექნოლოგიური, სხვადასხვა ტიპის საგამოფენო სივრცის, ასევე ღვინის მუზეუმის მოწყობაც, რომელიც მნახველებს ქართული ღვინის უნიკალურობას აჩვენებს". - თქვა ლევან დავითაშვილმა.

მთავრობა ნაგებობის გაყიდვას აქამდე ხუთჯერ უშედეგოდ შეეცადა. პირველ აუქციონზე საწყისი ფასი 95 მილიონი ლარი იყო, მომდევნო ორზე კი ის 71 მილიონამდე შემცირდა, მეოთხე აუქციონში ობიექტის საწყისი ფასი 47.5 მილიონი ლარი იყო, მეხუთედ ობიექტის გაყიდვა 30 მილიონად სცადეს, თუმცა მისი შეძენით არცერთი ინვესტორი არ დაინტერესებულა. 

აუქციონის პირობების თანახმად, ინვესტორი ვალდებული იქნება 3 წლის ვადაში მინიმუმ 20 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელოს და მუზეუმი, საგამოფენო ან საკონფერენციო სივრცეები შექმნას. 

სამხარაულის ექსპერტიზის ცენტრის მიერ კომპლექსი 95 მილიონ ლარადაა შეფასებული.
თბილისის ცენტრში მდებარე ნაგებობის მშენებლობის პროცესი 2013 წელს დასრულდა და ის დღემდე უფუნქციოდაა, მისი მშენებლობაზე 75 მილიონი ლარი დაიხარჯა.

კომენტარები