დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

მედია: რუსეთმა აზოვის ზღვა და საჰაერო სივრცის ნაწილი ჩაკეტა

სხვადასხვა მედიების ინფორმაციით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ აზოვის ზღვის დიდი ნაწილი ჩაკეტა და მის თავზე ფრენები აკრძალა. ინფორმაცია თავდაპირველად რუსულ, შემდეგ კი  უკრაინულ, ბრიტანულ და ებრაულ მედიებშიც გავრცელდა.

როგორც მედიები იუწყებიან, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოსცა გაფრთხილება NOTAM-ის სახით, რაც არის ოპერატიული ინფორმაცია ფრენების განხორციელების წესებში ცვლილებებისა და აერონავიგაციის ინფორმაციის შესახებ. 

მედიების თქმით, აკრძალვა 21 თებერვლიდან 26 თებერვლამდე იმოქმედებს. 

საინფორმაციო საშუალებებში გამოთქმულია ვარაუდი, რომ შეზღუდვა უკრაინაში, დონბასში არსებული დაძაბულობის გამო დაწესდა. 

რუსეთს აზოვის ზღვის დიდი ნაწილი აქამდეც, 13-19 თებერვალს ჰქონდა ჩაკეტილი. 12 თებერვალს, შავ ზღვაში სამხედრო წვრთნები დაიწყო 30-ზე მეტმა რუსულმა ხომალდმა. 

როგორც The Jerusalem Post-ი წერს, დამოუკიდებელმა პირებმა გაავრცელეს ცნობები 20 თებერვალს აზოვის ზღვაში რუსული საბრძოლო ხომალდების შესვლის შესახებ. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, აზოვის ზღვის აკრძალული მონაკვეთი გამოცხადებულია "დროებით საშიშ არეად".

ამავე გამოცემის ინფორმაციით, რამდენიმე NOTAM-ი გავრცელდა შავი ზღვის გარკვეულ მონაკვეთებზეც. აღნიშნულია, რომ გაფრთხილებებიდან ზოგი უკვე ძალაშია, ზოგი კი მომავალ კვირაში ამოქმედდება. 

უკრაინის საზღვრებთან 100 000-ზე მეტი რუსი სამხედროს განლაგებისა და თავდასხმის საფრთხის ფონზე, დონბასში სიტუაცია 17 თებერვლიდან დაიძაბა. პრორუსი სეპარატისტული ძალები პროვოკაციებს განაგრძობენ. მათი მხრიდან სროლები გრძელდება, რასაც ამ დრომდე 2 უკრაინელის სიცოცხლე ემსხვერპლა. პარალელურად გააქტიურებულია რუსული სამთავრობო მედიების პროპაგანდა და მოვლენებთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ავრცელებენ. მარიონეტულმა სეპარატისტულმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკებმა მასობრივი ევაკუაცია გამოაცხადეს.

18 თებერვალს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თქვა, რომ რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინაში მომდევნო დღეებში შეიჭრებიან და სამიზნე ქვეყნის დედაქალაქი, კიევი იქნება.

დონბასში არსებული დაძაბულობის ფონზე, ბელარუსი-რუსეთის ერთობლივი წვრთნები, რომლებიც 20 თებერვალს უნდა დაწყებულიყო, უვადოდ გახანგრძლივდა.

კომენტარები